„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა “ოცნებას” 2012 წლიდან 410 000 ლარი შესწირეს

თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები მესტიაში სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიას იღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ფინანსური სუბსიდია მიიღო, რომლის ჯამური ოდენობაც 769,729 ლარია.

„სუბსიდირებული კომპანიების ნაწილი და მათი მფლობელები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ, მათ მიერ მიღებული შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 300,856 ლარი შეადგინა.

ვიქტორ ჯაფარიძე - შპს “სეტი+”

შპს “სეტი+” “ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში (33%) არსებული კომპანიაა. “სეტი+” ფლობს მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო POSTA HOTEL-ს”.

შპს “სეტი+”-მა 2017-2020 წლებში ჯამში 528,150 ლარის ოდენობის სუბსიდია მიიღო, საიდანაც პირველი სუბსიდია კომპანიის რეგიტრაციიდან (2017 წლის 14 ივლისი) 12 დღეში - 2017 წლის 26 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა.

შპს “სეტი+” ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებშიც. მან 2019-2020 წლებში 114,782 ლარის ღირებულების 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერებზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” კვლევა 2020 წლის ივლისში გამოაქვეყნა - ვიქტორ ჯაფარიძის შვილის ოთარ ჯაფარიძის კომპანიებმა შპს “ექსპერტ ჰაუსი” და “TOB ქონსთრაქშენი” 2018-2020 წლებში 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 8 ტენდერი მოიგეს. ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას - “ქართული ოცნებას” 2012 წლიდან დღემდე 410,000 ლარი შესწირეს.

შპს “სასტუმრო უშბა”

შპს “სასტუმრო უშბა” 2019 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა. მისი დირექტორი მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის და თეა ჟორჟოლიანია, შპს-ს 100% წილის მფლობელი კი თეა ჟორჟოლიანის ქმარი ოლეგ კახიანი. შპს “სასტუმრო უშბამ” სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში სუბსიდიის სახით 2019 წლის მაისში 58,905 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ თეა ჟორჟოლიანი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს, მას 2014 წლიდან დღემდე 125,354 ლარის ღირებულების 28 გამარტივებული შესყიდვა (სასტუმროს და კვების მომსახურება) აქვს მიღებული [ცნობისათვის თეა ჟორჟოლიანის ძმა კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის მერი/გამგებელი 2013 წლიდანაა], 28 შესყიდვიდან 20 შემთხვევაში თეა ჟორჟოლიანისაგან მომსახურება მესტიის მერიამ და მის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა შეისყიდეს. გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 98,170 ლარი შეადგინა.

შპს “სანსეტი”

შპს “სანსეტი” 2019 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი ქრისტინე ნაკანია, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ეკონომიკის საკითხთა და ტურიზმის განვითარების” კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ ნაკანის შვილია.

შპს “სანსეტმა” სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში 2019 წელს ორჯერ მიიღო სუბსიდია, ჯამში 121,143 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ ქრისტინე ნაკანი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. 2015 წლიდან დღემდე მან 14 გამარტივებული შესყიდვა (კვების მომსახურება) მიიღო, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 53,400 ლარი, საიდანაც 43,560 ლარის ღირებულების კონტრაქტი მესტიის მუნიციპალიტეტზე მოდის. შპს “სანსეტმა” კი 7,320 ლარის ღირებულების ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო , ორივე შემთხვევაში ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ სასტუმროს და კვების მომსახურება შეისყიდა ქართველი ჟურნალისტების 32-კაციანი ჯგუფის მესტიაში გასტროტურით ვიზიტის ფარგლებში

შპს “ნიმერია”

შპს “ნიმერია” 2018 წლის 11 ნოემბერს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი მესტიის მერის პირველი მოადგილის, ნელი ნავერიანის შვილი ლელა ჯაფარიძეა. შპს “ნიმერიასთან” სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში ორი ხელშეკრულებაა გაფორმებული. 2018 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულებით “ნიმერიამ” 61,531 ლარის ოდენობის სუბსიდია მიიღო. 2020 წლის კონტრაქტით გასაცემი სუბსიდიის ოდენობა უცნობია, რადგანაც როგორც “აწარმოე საქართველოში” განგვიმარტეს, თანხის მოცულობა გადარიცხვის შემდეგ გასაჯაროვდება.

თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების ჩართულობა, ერთის მხრივ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებში, მეორეს მხრივ კი - სახელმწიფო შესყიდვებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული ფაქტი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო