ლევან იოსელიანი - თუ ვინმეს აქვს ამბიცია, რომ მეტი გააკეთოს, გააკეთოს, ჩვენ კი ნუ გვაკრიტიკებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან

საარჩევნო რეფორმა ვერ მოხსნის პრობლემებს, რომელიც უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს - მოსყიდვას, გავლენას, ზემოქმედებას, მაგრამ არჩევნების დღეს გაყალბებას დაიყვანს მინიმუმამდე, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღებამდე 2 თვეა დარჩენილი და მნიშვნელოვანია განხილვებში ჩაერთონ ის პარტიები, რომლებიც თვლიან, რომ მათი ინტერესი ბოლომდე გათვალისწინებული არ არის.

"არასამთავრობო სექტორს აქვს რეკომენდაციები, რომელზეც დღეს ვიმსჯელეთ და მსჯელობა გაგრძელდება. ეს არ არის ძირეული საკითხები, "სიჩუმის დღეზე" იყო საუბარი, გასაჩივრების ვადებზე და ა.შ. ყოველ შემთხვევაში ეს პროცესი არ მთავრდება არც დღეს და არც შემდეგ შეხვედრაზე, გრძელდება და იწყება საკომიტეტო განხილვები. დაახლოებით 2 -თვიანი ვადა გვაქვს, რომ დოკუმენტი იქცეს კანონად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა იყოს ჩართული ამ პროცესში, მათ შორის ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თვლიან, რომ მათი ინტერესი ისე არ არის გათვალისწინებული, როგორც უნდა ყოფილიყო. მათ თვითონ უნდა მიიღონ მონაწილეობა და თქვან, რა უნდათ, რა არ გავითვალისწინეთ და როგორ არ გავითვალისწინეთ, ამისთვის საჭიროა, რომ მოვიდნენ, დასხდნენ და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში. ჩემთვის მთავარი რა არის იცით? ამ ცვლილებების თანახმად შემოდის ელექტრომთვლელი მანქანები, გადათვლის სავალდებულო 10 პროცენტი, რეგისტრაციის ელექტრონული მექანიზმები, თითის ანაბეჭდები და უამრავი სხვა რამ, რომელიც არჩევნების დღეს პრაქტიკულად გაყალბებას დაიყვანს მინიმუმამდე. არჩევნების დღეს ჩარევა და მანიპულაცია იქნება ძალიან რთული. ეს, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ვერ მოხსნის, ვერ მოხსნის პრობლემებს, რომელიც უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს, მოსყიდვას, გავლენას და ზემოქმედებას, მაგრამ არჩევნების დღეს პრობლემები უნდა იყოს მინიმიზირებული, რომ მეორე დღეს აღარ დაგვხვდეს გადასწორებული ოქმები, ასეთი უნდობლობა, როგორიც ახლა გვქონდა და საბოლოო ჯამში ის აღარ გახდეს მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიების და ჩვენი საზოგადოების დაპირისპირების საგანი,"- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა და დაინიცირდა, ასახავს მთლიანად ოპოზიციის მიერ მიღწეულ შედეგს, რაც ხდებოდა ფასილიტაციით მოლაპარაკებების დროს. ხოლო თუ ვინმეს მეტის ამბიცია აქვს და ამის განხორციელებას შეძლებს, "მოქალაქეები" ამას მიესალმებიან.

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს იძახიან, რომ ეს ასე არ არის, ეს ძალიან მარტივი დასამტკიცებელია, არსებობს მაშინდელი შედგენილი დოკუმენტი და დაინიცირებული პროექტი, რომელიც პრაქტიკულად ყველა იმ საკითხს პასუხობს, რომელიც იმ დროს ოპოზიციამ დააყენა და მეტიც, კიდევ უფრო მეტი მუხლია შეტანილი, რომელიც რეალურად აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, თუმცა, ამის მიუხედავად, თუ ისინი თვლიან, რომ აქვთ დამატებით მოსაზრებები, მოვუწოდებ ჩაერთონ ამ პროცესში და მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი და კონკრეტული შედეგი დავდეთ მაგიდაზე. თუ ვინმეს აქვს ამბიცია, რომ მეტი გააკეთოს, გააკეთოს, კი ნუ ლაპარაკობს და ჩვენ კი ნუ გვაკრიტიკებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, გააკეთონ უკეთესი და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით,"- განაცხადა იოსელიანმა.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა