სერგო ჩიხლაძე - მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, როდესაც წკიპზე დგას მოლაპარაკებები შედგება თუ არა, საფრთხეს უქმნის დიალოგის წარმოებას

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, როდესაც წკიპზე დგას მოლაპარაკებები შედგება თუ არა, საფრთხეს უქმნის საერთოდ მოლაპარაკებების წარმოებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში განაცხადა, რითაც პლებისციტთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა.

მისივე განმარტებით, აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჯერ პლებისციტის ჩატარების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია ცნობილი არ არის და თუ ოპოზიცია შეძლებს, რომ მას ეს დათმობა „ხელიდან გამოგლიჯოს“, ეს დიდი მიღწევა იქნება.

„თვითონ ხელისუფლება ამ საკითხზე კონკრეტულად თავისი ხედვებით არ მოსულა - არ გვისაუბრია ამ საკითხზე. წინასწარ იმის თქმა, რომ ამას დავთანხმდები, ამას არ დავთანხმდები, არასწორად მიმაჩნია. მეორე მხარის პოზიცია ხომ უნდა ვიცოდეთ კონკრეტულ საკითხზე? შეიძლება „ქართული ოცნება“ ამ საკითხზე სასაუბროდ საერთოდ არ მოდის. ნუ მივიღებთ, რომ რაღაცას დათანხმდა. ეს თუ გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“, ძალიან დიდი მიღწევა იქნება. ასეთი განცხადებები, პირიქით განცდას აჩენს, რომ ეს ხელისუფლების თამაშია, რაც მცდარია, არასწორი განცხადებაა მესამე პრეზიდენტის. ასეთი განცხადებები, მითუმეტეს, ასეთ პერიოდში, როდესაც წკიპზე დგას მოლაპარაკებები შედგება თუ არ შედგება, მითუმეტეს, როცა ევროკავშირია ჩართული, საფრთხეს უქმნის საერთოდ მოლაპარაკებების წარმოებას და ასეთი განცხადებები კიდევ მეტ საბაბს აძლევს „ქართულ ოცნებას“, რომ სათავისოდ გამოიყენოს ეს სიტუაცია და მე, რა თქმა უნდა, ასეთ განცხადებებს არ გავაკეთებდი“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მან ამასთანავე, აღნიშნა, რომ პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით მზაობა "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის უკანასკნელ შეხვედრაზეც დააფიქსირა, ამიტომ გაუგებარია მათი ლიდერის მსგავსი მოწოდება.

„პლებისციტზე თანახმა იყო „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ფაქტია. უფრო მეტსაც გეტყვით, რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობა“ იგივე პოზიციაზე იყო. ამიტომ, ან მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის განსხვავებული, ან არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე. პლებისციტი ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც, პირიქით, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან, მივიჩნევთ, რომ უფრო ძნელი მოსაგები იქნება ხელისუფლებისთვის. იგივე არგუმენტები, რაც სააკაშვილს ჰქონდა, რომ გაყალბდება, მოისყიდის, უფრო ძნელია ამის გაკეთება და თან არ დაგვავიწყდეს, რომ პლებისციტი თუ იქნება, მანამდე საარჩევნო რეფორმა იქნება გასატარებელი. ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ არსებული რეალობით ჩატარდება პლებისციტი. ჩატარდება უკვე შეცვლილი კანონმდებლობით, შეცვლილი საარჩევნო სისტემით, შეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციით და ა.შ. მეორე, თვითონ ფორმა პლებისციტის წარმოვიდგინოთ, რომ არის პროპორციული არჩევნები. მთელი ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეიკრას და დადებითი პასუხი მივიღოთ ამაზე, ეს უფრო იოლია ამ შემთხვევაში, ვიდრე თუნდაც სხვადასხვა პარტიის მონაწილეობა ურთიერთკონკურენციით“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო