ირაკლი ბერაია - უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის სატელეფონო საუბარი ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მასშტაბებსა და სიმტკიცეზე მიუთითებს.

მისი თქმით, გაორმაგებულია აშშ-ის მხრიდან საქართველოს საგარეო სამხედრო დაფინანსება.

„საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნების საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, ერთმანეთის მიმართ მაღალ ნდობას და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება. სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მოიცავს სწორედ თავდაცვის სფეროს, სადაც თანამშრომლობა ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზეა. გაორმაგებულია აშშ-ის მხრიდან საქართველოს საგარეო სამხედრო დაფინანსება, მიმდინარეობს ჩვენი საბრძოლო დანაყოფების ამერიკული ცეცხლსასროლი იარაღით და ანტისატანკო სისტემებით აღჭურვა, იმართება ერთობლივი წვრთნები, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ხორციელდება ქართული ბატალიონების მომზადება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისთვის, იზრდება თავდაცვის ძალების NATO-სთან თავსებადობის ხარისხი.

ჩვენს დღის წესრიგში უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. თავდაცვის უწყებების პირველი პირების დღევანდელი საუბარი და მისი შენაარსობრივი მხარე, კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის და პენტაგონის ახალი ხელმძღვანელობის საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ჩვენი ქვეყნისა და თავდაცვის სისტემის მტკიცე მხარდაჭერას, თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების წარმატებას და აღიარებას. მეტიც, თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ფაქტობრივად უფლებამოსილების დაწყებისთანავე, მის ქართველ კოლეგასთან მართავს საუბარს, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს და ბევრ რამეზე მეტყველებს.

დარწმუნებული ვარ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პენტაგონი და თავდაცვის სამინისტრო თვისობრივად ახალ ეტაპზე გაიყვანენ მზარდ ქართულ-ამერიკულ სამხედრო თანამშრომლობას, კიდევ უფრო გაიზრდება ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში“,- აცხადებს ირაკლი ბერაია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო