ომბუდსმენი - საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ილიჩოვასა და მელაშვილს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ

საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ, ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ, - აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებაში აღნიშნა, რომლითაც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ნინო ლომჯარია წარდგენილ დოკუმენტში მიიჩნევს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე“ გამოძიების დაწყება პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა განაპირობა, რაც შეთანხმებული იყო შესაბამისი პარტიის ხელმძღვანელთან.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური, ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის.

„სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ე. წ. კარტოგრაფების საქმეზე „სასამართლოს მეგობრის“ (amicus curiae) მოსაზრებით მიმართა. წარდგენილი დოკუმენტი საქმის მასალების 14 ტომის, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესწავლას ემყარება. გამოძიების მასალების შესწავლის პარალელურად, სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარესთან. აპარატი დააკვირდება სასამართლო პროცესის მსვლელობასაც.

„სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება: პირველი, შესაბამისობაშია თუ არა წარდგენილი ბრალდება კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპთან (სახეზე გვაქვს თუ არა, დანაშაულის ობიექტური მხარე და ბოროტი განზრახვის ელემენტები). მეორე, სახეზე გვაქვს თუ არა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (პოლიტიკური, ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა) სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას.

კანონიერების პრინციპთან მიმართებით, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა დაწვრილებით მიმოიხილა, თუ რამდენად იკვეთება ბრალდებულების ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები. ჩვენი შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ. ბრალდებულების მიერ მოწმის სახით გამოკითხვისას მითითებული ინფორმაცია დადასტურდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დოკუმენტებით. მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, ვერ დადასტურდა ბრალდებულთა ქმედებაში კორუფციული, თაღლითური, მოტყუების, ანგარების, ან სხვა ელემენტი, რომელიც მათ მიერ საექსპერტო საქმიანობის ფარგლებში ბოროტ განზრახვას დაადასტურებდა. დამატებით, 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც ეფუძნება ბრალდება, დღემდე არ არის შემოწმებული ვარგისიანობის კუთხით ბრალდების მხარის მიერ.

სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციფიკური პოლიტიკური გარემოებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა ასევე იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ტესტით, რათა შეფასებულიყო, ხომ არ არსებობდა ბრალდების წარდგენის დროს არასამართლებრივი, აკრძალული (პოლიტიკური, ან სხვა) მოტივი. ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკის გათვალისწინებით, შევაფასეთ ორი საკითხი: პირველი, არსებობდა თუ არა საქმეში პოლიტიკური, ან სხვა უკანონო ქვენა მოტივი, მეორე, უპირატესი იყო თუ არა, პოლიტიკური ან სხვა მოტივი შესაძლო კანონიერ მოტივთან შედარებით.

აღნიშნული საქმის გამოძიების დაწყება საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა, მთავარ განსახილველ წინასაარჩევნო პოლიტიკურ საკითხად იქცა და აგიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა. დოკუმენტში მოხმობილია მმართველი პოლიტიკური პარტიის მაღალჩინოსნების, პოლიტიკური საბჭოსა და მთავრობის წევრების, პარლამენტარებისა და სხვების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდებას პოლიტიკური პარტიების კრიტიკისთვის იყენებდნენ. როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება განაპირობა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, რაც შეთანხმებული იყო შესაბამისი პარტიის ხელმძღვანელთან. დაწყებული გამოძიების ფარგლებში უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზა ჩატარდა 4 დღეში და მასში მონაწილეობდა ბრალდების მთავარ მოწმეზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირი. ასევე ერთ-ერთი პრობლემური გარემოებაა ის, რომ პირებს ბრალდება ისე წარედგინათ, რომ 1936-38 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკის ვარგისიანობა არ იყო დადგენილი და შესაბამისი ექსპერტიზა თვეების განმავლობაში არ დანიშნულა.

ჩვენი შეფასებით, წინამდებარე საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური, ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის. აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ფასდება.

იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ჯეროვნად და დეტალურად იმსჯელებს დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებზე და პოლიტიკური მოტივის გარემოებებზე და წარმოადგენს დასაბუთებულ არგუმენტაციას განსახილველ საკითხებზე. საქმის გარემოებების სწორი სამართლებრივი გადაწყვეტა უშუალო გავლენას მოახდენს, როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კანაშვილი - თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა დამატებითი ამომრჩევლის გამოყვანა, ხოლო „ოცნებამ“ სულ მცირე იგივე რაოდენობა გამოიყვანა, რაც პირველ ტურში, შედეგი ოპოზიციისთვის  მძიმე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გაიაქტიურეთ "სილქფესტის" საშემოდგომო შეთავაზებები შეუზღუდავად
მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა