თენგიზ ფხალაძე - მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოყალიბდეს, არის უკრაინულ პოლიტიკაში, თუ არის ქართულ პოლიტიკაში

მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. პირველ რიგში, თვითონ ის უნდა ჩამოყალიბდეს, არის უკრაინულ პოლიტიკაში, თუ არის ქართულ პოლიტიკაში და აქედან გამომდინარე გააკეთოს განცხადებები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რითაც შეაფასა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის დანიშვნის წინააღმდეგია.

თენგიზ ფხალაძის თქმით, არასწორია უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩარევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში.

„ზოგადად, მე მგონია, რომ იმ ადამიანის ჩარევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არის სხვა ქვეყნის თანამდებობის პირი და მითუმეტეს, აქ პარტიის თავმჯდომარე არ არის, ამ ტიპის ჩარევა არასწორია. აქ, პოლიტიკური პარტიების, თუნდაც ოპოზიციური სპექტრის, რაღაც თემებზე გარკვეული კონსენსუსი არსებობს და ის კონსენსუსი, რომელიც მათ შორის იქნა მიღწეული, არის მათი მოლაპარაკების საგანი. აქ ჩარევა და მითუმეტეს გარედან ჩარევა, აბსოლუტურად არასწორია. მე ზოგადად მგონია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე არ უნდა ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში. მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. პირველ რიგში, თვითონ ის უნდა ჩამოყალიბდეს, არის უკრაინულ პოლიტიკაში, თუ არის ქართულ პოლიტიკაში და აქედან გამომდინარე გააკეთოს განცხადებები. არ შეიძლება იყო უკრაინის პოლიტიკაშიც და იყო საქართველოს პოლიტიკაშიც, ასე არ ხდება და ასე არ შეიძლება“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს“.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა