საია სასამართლოსგან მინისტრის ბრძანების შეჩერებას მოითხოვს, რომლითაც ნამახვანის ჰესების კასკადზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა

საია და „მწვანე ალტერნატივა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების მოქმედების შეჩერებას მოითხოვენ, რომლითაც ნამახვანის ჰესების კასკადზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა.

მათი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონის უფლებათა დარღვევით მიიღეს და გასაჩივრებული აქტის აღსრულება შეუქცევად ზიანს აყენებს როგორც ბუნებრივ, ასევე კულტურულ გარემოს, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

„საქმისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან გასაჩივრებული აქტის აღსრულება არსებით და შეუქცევად ზიანს აყენებს როგორც ბუნებრივ, ასევე კულტურულ გარემოს, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. აქტის მოქმედებით დამდგარ ზიანსა და უკანონობას ადასტურებს წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეც შპს „ენკა რინიუებლზის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა საია-ს თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

ნიკოლოზ სიმონიშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციებმა ადგილობრივების ინტერესების დასაცავად საქალაქო სასამართლოს სარჩელით ჯერ კიდევ 2020 წლის 6 აპრილს მიმართეს, თუმცა დღემდე მოსამზადებელი სხდომაც კი არ ჩანიშნულა.

„საია-მ და „მწვანე ალტერნატივამ“ ადგილობრივების ინტერესების დასაცავად ჯერ კიდევ 2020 წლის 06 აპრილს მიმართეს სარჩელით სასამართლოს და მოითხოვეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა. თუმცა, დღემდე მოსამზადებელი სხდომაც კი არ არის ჩანიშნული. იმ პირობებში, როდესაც სარჩელის არსებითი განხილვა ჭიანურდება, მხოლოდ აქტის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში ენიჭება მნიშვნელობა სასამართლოში დავას, რადგან სამშენებლო სამუშაოების კანონდარღვევით გაგრძელების და ჰესის აშენების შემთხვევაში, თუნდაც დაკმაყოფილდეს სარჩელი, ვერ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ზიანი იქნება არსებითი, შეუქცევადი და ვეღარ აღდგება პირვანდელი გარემო”, - აღნიშნა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

მისივე თქმით, ჰესის მშენებელმა „ენკა რინიუებლზმა“ არ უზრუნველყო ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოების შესამოწმებლად სავალდებულო კვლევების ჩატარება, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება და მოეთხოვა ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენა, გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და კომპანიას შემდგომში დაავალა ინფორმაციის წარმოდგენა.

„გასაჩივრებული აქტი გამოცემულია ისე, რომ შპს „ენკა რინიუებლზმა“ არ უზრუნველყო ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოების შესამოწმებლად სავალდებულო კვლევების ჩატარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება და მოეთხოვა ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენა, ან უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და კომპანიას შემდგომში დაავალა იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რათა განსაზღვრულიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის დონე და ამ საფრთხის შემსუბუქებისა, თუ თავიდან არიდების შესაძლებლობები“, - განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს