ირაკლი ქადაგიშვილი -  6 პუნქტი არ არის 6 მცნება - შეიძლება რაღაც დაემატოს, რაღაც გამოაკლდეს

„ქართული ოცნება“ ვერ იტყვის: უკაცრავად, ჩემო ამომრჩეველო, უკაცრავად, საქართველო, ოპოზიცია ახირებულია, ამათ ახირებას ვერავინ გადაათქმევინებს, ვერც ერთი კანონი, ვერც ერთი მეგობარი ქვეყანა, ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ ამ ახირებას თავი დავუხაროთ, წავალთ ახლა ჩვენ სახლში და მოვიდეს სააკაშვილი მთელი თავისი შლეიფით და მართოს ეს ქვეყანა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციას თავს არ დაუხრის და არ მისცემს საშუალებას, ქვეყანა და მოპოვებული დემოკრატია, რომელსაც შემდგომი განვითარება სჭირდება, წყალს გაატანონ.

„ევროპა გვთავაზობს ჩვენ საკითხებზე შეთანხმებას, რაც ასეთი კრიზისების შექმნას კიდევ ერთხელ გამორიცხავს. შარლ მიშელის ჩამოსვლისა და მისი ჩართულობის შემდეგ, ვფიქრობ, ოპოზიციამ დაინახა, რომ აბსოლუტურად სხვა შედეგი მიიღო, ვიდრე მათ წარმოედგინათ რომ მიიღებდნენ. მათ ეგონათ, რომ შარლ მიშელი გამოვიდოდა და იტყოდა, „აბა, სასწრაფოდ, მხოლოდ ისღა მაინტერესებს, რომელ თვეს და რომელ დღეს დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და არ მაინტერესებს სხვა არაფერიო, გახსენით ციხის კარები და გამოუშვით პირობითად მელიაო“. მისი მესიჯები იყო იმ დიალოგისკენ მოწოდება, რომელმაც სწორედ კრიზისის განსამუხტი მექანიზმები უნდა აამოქმედოს და პოლიტიკური კონსენსუსი უნდა შედგეს სამართალსა და კონსტიტუციაზე დამყარებული,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მან შარლ მიშელის მონაწილეობისას შედგენილ 6 პუნქტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ეს 6 პუნქტი არ არის 6 მცნება“.

„იქ შეიძლება რაღაცა დაემატოს, რაღაცა გამოაკლდეს. ეს არ არის ხელმოწერილი დოკუმენტი, ეს არის ის საკითხები და პრობლემები, რომლის გარშემოც საუბარი უნდა წარიმართოს. მე ვფიქრობ, რომ ამ 6 პუნქტთან დაკავშირებით დიალოგის, კონსენსუსისა და შეთანხმების მოძებნა შესაძლებელია და ვიტყვი მეტსაც, რომ ბევრ ამ პუნქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ პარლამენტში უკვე მთელ რიგ საკანონმდებლო ინიციატივებს აინიცირებს. აქ არის ერთადერთი, რაც საჯილდაო ქვაა, რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არ იქნება. დანარჩენი დასმული საკითხები გადაწყვეტადია,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს