გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვიხილავთ  საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება

ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა და მხარდაჭერაც სჭირდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის გარეშე ვერ მოხდება ის ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც არის საუბარი, ეს არის სრულად პროპორციული სისტემა, ბარიერის დაწევა და ა.შ. ვაშაძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ინიციატივით მართლმსაჯულების საკითხიც არის შესული იმ საკითხთა ჩამონათვალში, რომელზეც შეთანხმება უნდა მოხდეს და შესაძლოა, მასაც დასჭირდეს საკონსტიტუციო ცვლილებები.

„შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ინიციატივით მართლმსაჯულების საკითხი დაემატა ამ საკითხებს, შეიძლება გარკვეულ თემებზე საკონსტიტუციო ცვლილებებიც დაგვჭირდეს მართლმსაჯულებასთან მიმართებაში, ასევე არის ანტიკორუფციული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე საუბარი, ძალაუფლების გადანაწილებაზე საპარლამენტო საქმიანობის დროს. ასე რომ, ბევრი საკითხი დაემატა. ეს საკითხები დაემატა ევროკავშირის მხრიდან,“- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უკვე მორიგ შეხვედრაზე მათ „რაღაც ახალი“ უნდა უთხრას. ვაშაძე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ აირჩიონ ან პირდაპირი არჩევნები ან პლებისციტი.

„პლებისციტი იქნება თუ პირდაპირ რიგგარეშე არჩევნები, აირჩიონ ან ერთი ან მეორე ვარიანტი, მისცენ ეს ინფორმაცია ფასილიტატორებს თუ აწ უკვე მოდერატორებს და გავიგებთ ამის შესახებ. 16 მარტის დედლაინი დაუწესეს სწორედ მათ - მთავრობას, რომ კონკრეტული პროგრესით ჩავიდნენ ბრიუსელში. არ ჩავლენ?- გაცილებით უფრო მკაცრი და ცუდი იქნება რეაქციები დასავლეთის მხრიდან. ჩვენ ჩამოყალიბებულები ვართ და მარტივ რაღაცას ვამბობთ, პოლიტიკური განსხვავებულობის გამო ხალხი ციხეში არ უნდა იჯდეს და მეორე მთავარი საკითხი არის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება შეთანხმება და ხალხს ვკითხოთ,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, პლებისციტზე, როგორც ვადამდელ არჩევნებზე მისასვლელ გზაზე ჯერ კიდევ დეკემბერში შეთანხმდა ოპოზიცია და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ შეთანხმების ერთგული რჩება. ის იმედოვნებს, რომ საკუთარ პოზიციას შეცვლის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბოლოს მან პლებისციტთან დაკავშირებით დააფიქსირა.

„აგერ თქვენ და აგერ მე, რომ მიხეილ სააკაშვილი შეცვლის თავის პოზიციას, არ ყოფილა ერთხელ და ორჯერ ეს საკითხი. მე ესე ვფიქრობ, რომ შემოვა პლებისციტით. თუ არა, ხვეწნას არავის დავუწყებ, ყველამ თავის პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ, ისინი თავისას. ნაკლებად მაინტერესებს, ისინი რას გადაწყვეტენ სიმართლე გითხრა, რაც ქვეყნისთვის კარგი იქნება, მე მზად ვარ ამ შეთანხმებაზე წავიდე. ის, რაზეც შევთანხმდით, მე იმის ერთგული ვარ და პოზიციების ცვლილება და თამაში არ მახასიათებს,“-განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რატომ შეცვალა პოზიცია მიხეილ სააკაშვილმა, ვაშაძე პასუხობს, რომ არ ჰქონია მასთან კონტაქტი.

„არ მქონია მასთან კონტაქტი, რაც ჩვენი გზები გაიყო და სიმართლე გითხრათ ნაკლებად მაინტერესებს რა აწყობს ან რა არ აწყობს, არ არის ეს ჩემი ამოცანა, ყველაზე ნაკლებად ამაზე ვფიქრობ,“- აცხადებს ვაშაძე.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში