გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მაქსიმუმ მარტის ბოლომდე მოხდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მაქსიმუმ მარტის ბოლომდე მოხდება.

მისივე განცხადებით, ამ მოლაპარაკებების პროცესში კომპრომისი როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებასაც მოუწევს.

„ჩვენი ევროპელი, დასავლელი მეგობრებისთვის ნამდვილად არ არის სულერთი რა იქნება ქვეყანაში. ეს მახარებს იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ უბადრუკი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ევროპელი პარტნიორების მყარ პოზიციას გადამყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს განვითარებისთვის. მეორე - დიახაც, ძალიან მნიშვნელოვანია შეცვლილი უფლებამოსილება. ჩვენ გვკითხეს თანახმა ვიყავით თუ არა ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავსულიყავით. დიახ, თანახმა ვართ! მედიაცია ნიშნავს, რომ გარდა ჩვენი წინადადებებისა, წინადადება შეიძლება იყოს ევროკავშირის მხრიდან, რომელზეც პირდაპირ გეუბნებით, რომ წარმოუდგენელია არ დავთანხმდეთ.

მივედით იმ ზღვარამდე, როდესაც ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში შედეგზე უნდა გავიდეთ მოლაპარაკებების კუთხით და ამისთვის ყველა მობილიზებული უნდა ვიყოთ. ჩვენ ჩვენი პრინციპული პოზიციები დაფიქსირებული გვაქვს, შარლ მიშელთან შეხვედრის დროსაც დავაფიქსირეთ, რაზეც მივიღეთ პასუხი, რომ მაქსიმალურად ყველა მხარის პოზიცია გათვალისწინებული იქნება. მოგვიწევს თუ არა კომპრომისი? - მინდა რომ საზოგადოება ილუზიაში არ იყოს. ჩვენც მოგვიწევს კომპრომისი და „ქართულ ოცნებასაც“ მოუწევს კომპრომისი. ძალიან ცუდია, როცა დამაზიანებელი განცხადებები კეთდება „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ მოლაპარაკებების, ისევ წითელი ხაზებით საუბარი და ისევ ათასი სისულელე. მათ მოვუწოდებ - თქვენ თავს ნუ დააზიანებთ! იმიტომ, რომ სანქციები შორს არ არის! კოლომოისკისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს, რომ ამერიკას ექნება აქტიური საგარეო პოლიტიკა და გამოიყენებს ყველა მექანიზმს იმისთვის, რომ მისმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა არ გადაუხვიონ იმ არჩეულ გზას, რომელიც ხალხმა აირჩია ამ ქვეყნებში, მათ შორის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. შეიძლება თუ არა ასეთი პრეცედენტი საქართველოში მოხდეს? - შესაძლებელია, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, გონს მოეგება თუ არა“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა ეუთო/ოდირის დასკვნასაც და აღნიშნა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში აღნიშნული დოკუმენტი რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას ვერ მოახდენს.

„ეუთო /ოდირის დასკვნაში წარმოდგენილია იმ პრობლემების ფართო სპექტრი, რომლითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ყველა პრობლემის არსებობამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე. ამას ეუთო/ოდირი ვერ დაწერდა, ეს ჩვენი სათქმელია და ამას მიუთითებს ევროკავშირის აქტიური ჩართულობა, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ. მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა, ამით მოლაპარაკების პროცესში რამე ფუნდამენტურად შეიცვლება თუ არა, ეუთო/ოდირის დასკვნის გამო, გეტყვით, რომ არ შეიცვლება. თუმცა, ის რეფორმები, რაც განსახორციელებელია, „ქართულ ოცნებაზე“მეტი წნეხი იქნება რომ განხორციელდეს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მინდა ოპტიმისტი ვიყო. ადეკვატურად ვუყურებ ამ პროცესს და მინდა ასევე ადეკვატურად შეხედოს „ქართულმა ოცნებამაც“. ჩემი მიზანი არ არის სანქცირებულთა სიაში იყვნენ მათი წარმომადგენლები. იქნება მათი მხრიდანაც ნაბიჯები, რადგან ხედავენ, რომ ასე ვერ გაგრძელდება, რომელიც შეთანხმებისკენ წაიყვანს ამ პროცესს. იმედიანად ვარ განწყობილი, იქნება ეს ერთ კვირაში თუ ორ კვირაში, მე მაქსიმუმ ვადას ვიღებ მარტის ბოლომდე, რომ შეთანხმებები მოხდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული