ანა ნაცვლიშვილი ჩანაწერებზე - „ოცნება" ხომ ამტკიცებს, რომ კარგ დემოკრატიაში ვცხოვრობთ, მზე ანათებს და ჩიტები ჭიკჭიკებენ, მაშინ იმოქმედოს სტანდარტით - გამოსავალია გამოძიება, ღარიბაშვილი უნდა გადადგეს

მარტივი გამოსავალი არის გამოძიება - ასე მოხდებოდა ნორმალურ ქვეყანაში და "ქართული ოცნება" ხომ სულ იმას ამტკიცებს, რომ კარგ დემოკრატიაში ვცხოვრობთ, რომ გარეთ მზე ანათებს და ჩიტები ჭიკჭიკებენ?! მაშინ იმოქმედოს ამ სტანდარტით,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

როგორც ნაცვლიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, იმისათვის, რომ გამოძიება მიუკერძოებლად წარიმართოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც აღნიშნულ ჩანაწერში ფიგურირებენ, თანამდებობა უნდა დატოვონ.

„ჩანაწერებით პოლიტიკის მართვის ძალიან მძიმე რეალობა ამ ქვეყანაში არ სრულდება და ეს თავისთავად არის სერიოზული გამოწვევა, მაგრამ იმ ჩანაწერებზე, რაც გუშინ გავრცელდა ძალიან ცალსახაა შეფასება. ის ჩანაწერი, რაც გუშინ გავრცელდა არ არის პირადი ხასიათის საუბარი, მით უმეტეს ეს არ არის პირადი ცხოვრების შინაარსის შემცველი და იმ შინაარსიდან გამომდინარე, რომელსაც ეს ჩანაწერი ატარებს საუბარი იმაზე, რომ ასეთი ჩანაწერის განხილვაში არ უნდა შევიდეთ სამართლებრივადაც არასწორია, პირიქით ეს შინაარსი შესაძლოა ამხელდეს უმძიმეს ფაქტებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში. მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩანაწერში ჩანს ვინ რაზეა წამსვლელი და ვის რა ტიპის ურთიერთობები აქვს და როგორ უყურებენ საერთოდ ძალაუფლებას და ძალაუფლების გამოყენების საზღვარი, რომ არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, არის ეს ჩანაწერი მამხილებელი შინაარსის და გამომდინარე უზარმაზარი საზოგადოებრივი ინტერესიდან, რომელიც მდგომარეობს ამ ფაქტების დადასტურებაში ან უარყოფაში, მედიას ჰქონდა არამხოლოდ უფლება გამოქვეყნების, არამედ ვალდებულებაც.

ახლა მთელი ვალდებულება გადადის საგამოძიებო უწყებებზე, მათ არ აქვთ არჩევანი კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაიწყოს გამოძიება. აქ პრობლემა ჩანაწერი როგორ გაკეთდა და ვის მიერ გაკეთდა, ცხადია, რომ ერთ-ერთი შესასწავლი საკითხი იქნება, მაგრამ ახლა მთავარი აქცენტი არ უნდა დაიკარგოს და ისრების გადატანის მცდელობა არ უნდა მოხდეს. მთავარი აქცენტი არის ის, თუ რის მხილებას ახდენს ეს ჩანაწერი და რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე. გამოძიება უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ავტორიტეტული აქტორების ჩართულობით, რომ ეს გამოძიება სანდოობით სარგებლობდეს, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგადად თანამდებობიდან გამომდინარე პრემიერს და ანზორ ჩუბინიძეს, ყველა ბერკეტი აქვს, რომ ზეგავლენა მოახდინონ გამოძიებაზე, ასეთია დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტი, რომ ისინი უნდა გადადგნენ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, მისივე შეფასებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილის ადგილი აღარ არის.

„დღიდან ბოიკოტის დაწყებისა "ლელოს" პოზიცია მუდმივად იყო ძალიან თანმიმდევრული, ძალიან პრინციპული, მაგრამ ამავდროულად შეთანხმებაზე ორიენტირებული და ჩვენ ვისხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან განა იმიტომ, რომ ძალიან მოგვწონდა მეორე მხარე, არამედ იმიტომ, რომ გვამოძრავებს დიდი მიზანი და ეს დიდი მიზანი არის ერთხელ და სამუდამოდ ამ 30 წლიანი ჭაობის დასრულება. შესაბამისად, ახლა ამ ჩანაწერის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ 6 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დადო, არის ბოლომდე მისაყვანი და ამ პროცესის გაგრძელებას ცხადია, რომ ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ამ პროცესში ღარიბაშვილის ადგილი აღარ არის და ეს ჩვენთვის ძალიან მკაფიოა. ცხადია, რომ ძალიან რთულ ვითარებაში არის "ოცნება", მაგრამ რასაკვირველია, არ მოახდენენ ამის აღიარებას მინიმუმ თავისი ამომრჩევლების თვალში, რომ სრულიად არ გაპარტახდნენ. თუმცა გუშინ, რაც მოხდა ამის შემდეგ არ ვიცი რა სიმშვიდით შეიძლება ადამიანებმა გააგრძელონ "ოცნების" მხარდამჭერობა, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ?! პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება ყველა ფორმატში და ყველა ფრონტზე, მაგრამ გითხარით ჩვენთვის რაც არის წითელი ხაზი - მოლაპარაკებების მაგიდასთან ღარიბაშვილის ჯდომა. იმისათვის, რომ გამოძიება წარიმართოს, რომ გამოძიებაზე ზემოქმედება არ მოახდინოს ღარიბაშვილმა, წმინდა სამართლებრივი ლოგიკა გვკარნახობს, რომ ის უნდა გადადგეს იმიტომ, რომ პრემიერი ყველა ბერკეტით არის შეიარაღებული, რომ ზეგავლენა მოახდინოს გამოძიებაზე. რა ლოგიკით შეიძლება ადამიანი, რომლის შესაძლო ორგანიზებულ ძალიან მძიმე ამბავში ჩართულობაზე უკვე გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს, დარჩეს ჩართული მოლაპარაკებების პროცესში?! ამის არგუმენტი არ არსებობს. მკაფიოდ ვამბობ, რომ მარტივი გამოსავალი არის გამოძიება - ასე მოხდებოდა ნორმალურ ქვეყანაში და "ქართული ოცნება" ხომ სულ იმას ამტკიცებს, რომ კარგ დემოკრატიაში ვცხოვრობთ, რომ გარეთ მზე ანათებს და ჩიტები ჭიკჭიკებენ?! თუ ამას ამტკიცებს, მაშინ იმოქმედოს ამ სტანდარტით, ეს იქნებოდა ყველა ქვეყანაში მოქმედების ტრაექტორია. ასევე, ცხადია, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ის არის ისევ და ისევ, რაზეც ოპოზიცია ამდენი ხანი საუბრობს - ვადამდელი სამართლიანად ჩატარებული არჩევნების შესაბამისი ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა