ნინო ბურჯანაძე - მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს - ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს

ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ პირველ რიგში მას არ დაბრალდეს მოლაპარაკების ჩაშლა, რომელსაც ასე ძალიან ცდილობს ხელისუფლება და აუცილებელია, მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაცვლდეს არჩილ თალაკვაძით, - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ისედაც გაუგებარი იყო საერთოდ რატომ იჯდა ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და ოპოზიციის შეხვედრაზე.

“საქმე საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ბევრად ლოგიკური და ადეკვატურია ამ ტიპის შეხვედრას ესწრებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე და არა პრემიერ-მინისტრი. მოლაპარაკება და ბრიუსელი კი არა, არამგონია ღარიბაშვილი საერთოდაც გამოჩნდეს, რადგან 24 საათზე მეტი გავიდა რაც ამ ჩანაწერების შესახებ პირველი ინფორმაცია გავრცელდა და ღარიბაშვილს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ამიტომაც, წესით ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს.

ახლა ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი.

სასწრაფოდ უნდა დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ იცის ამ ჩანაწერების შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოვა თუ გამოვარდება. ერთ-ერთი აუცილებლად იქნება და სიტუაცია იქნება უმართავი, რაც არცერთი მხარისთვის არ იქნება მომგებიანი, იზარალებს ხალხი და სახელმწიფო. ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკების გაგრძელება და ვადამდელი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნა”, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

აღნიშნულ კომენტარს „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული