მიხეილ სარჯველაძე - ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება - არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი

არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში, არსებობდეს გამოძიების დაწყებისთვის საკმარისი საფუძველი, - ასე პასუხობს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტების კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის და ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო მონაწილეობით გავრცელებულ ჩანაწერში იკვეთება.

სარჯველაძე აცხადებს, რომ გამოძიება იწყება მაშინ, როცა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს.

"ალბათ, ეს კითხვა ჩემთან არ არის. ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი. გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს, გამოძიება იწყება მაშინ, როცა ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს, ასე არ შეიძლება ყველაფერზე", - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ჩანაწერების გავრცელება, შესაძლოა, მოლაპარაკების ჩაშლას ისახავდეს მიზნად.

"ჩვენგან სრული მზადყოფნა გამოიხატა, რომ შევძლოთ და ყველა ის საკითხი, რაც შეიძლება იყოს განსახილველი მოლაპარაკების პროცესში, მაქსიმალურად შევაჯეროთ და მაქსიმალურად გვქონდეს შესაძლებლობა ვისაუბროთ შედეგიან მოლაპარაკებაზე. თუმცა, კვლავაც იკვეთება ვარაუდისთვის საფუძველი, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს შეიძლება სრულიად განსხვავებული განწყობა ჰქონდეს მოლაპარაკებასთან მიმართებაში და მოქმედებდნენ დესტრუქციულად, მათ შორის, მოლაპარაკებებთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია, ოპოზიციისგან იყოს მზადყოფნა, სხვაგვარად, მე ვფიქრობ მოლაპარაკება გართულდება.

როცა ადამიანს არ სურს მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ის ყოველთვის შეძლებს იპოვოს მიზეზი, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიიღოს.

მათ შორის, ესეც უნდა განვიხილოთ, რომ თუნდაც, იმ საშუალებით რასაც ჰქვია აუდიოჩანაწერის გავრცელება გარკვეული ინსინუაციებისთვის, ხელოვნურად მიზეზების შექმნა შეიძლება გამიზნული იყოს საიმისოდ, რომ რეალურად მოლაპარაკება არ შედგეს, არ იყოს შედეგიანი. ეს არის ის, რასაც დიდი ხანია ვვარაუდობთ, რომ მოლაპარაკების შედეგიანად წარმართვა არ შედის რიგი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა