აკაკი მინაშვილი - ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი კადრების  შემდეგ გამოძიება დაიწყებოდა, პრემიერი გადადგებოდა, მოლაპარაკებებში კი სხვა წარმომადგენელი შემოვიდოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის გამართვა რთული იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ დროს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს და გამოძიება დაიწყოს.

„ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოლაპარაკებები უნდა ემსახურებოდეს ქვეყანაში ძალიან სწრაფად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ზოგადად, ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, პირველ რიგში, გამოძიება დაიწყებოდა და პრემიერ-მინისტრი გადადგებოდა, ხოლო მოლაპარაკებებში სხვა წარმომადგენელი შემოვიდოდა. ამიტომ, ჩვენი პოზიციაა, რომ ამ ვითარებაში ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკება რთული იქნება, თუმცა, ჯერჯერობით არცერთ ფორმატში არც არის წარმოდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფორმატი განხორციელდება, ჩვენთვის მასში მონაწილეობა რთული იქნება იმ კადრებიდან გამომდინარე, რომელიც გავრცელდა. მთავარი ამბავი არის ის, რომ ასეთ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს და გამოძიება დაიწყოს. არც გამოძიება არის დაწყებული და არც პრემიერს აქვს უფლებამოსილება შეჩერებული, რაც ჩვენთვის მიუღებელია“,-განაცხადა მინაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, თემა გადაფაროს და ფარული კადრების გავრცელების შემდეგ, ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულოს.

„ამ ჩანაწერების შემდეგ დადასტურდა, რომ ქვეყანას მართავს მოძალადე მამა-შვილი. ისინი იყენებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს იმისთვის, რომ თავისი არაჯანსაღი სურვილები დაიკმაყოფილონ, ძალადობენ ადამიანებზე, ბავშვებზე. „ქართული ოცნება“ ახლა ამის გადაფარვას ცდილობს. ის, რომ ამას სისტემური ხასიათი აქვს, ადასტურებს ის ფაქტი, რომ არც გამოძიება დაწყებულა და არც პრემიერი, არც სხვა რომელიმე თანამდებობის პირი არ გადამდგარა“,-განაცხადა მინაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო