გია ხუხაშვილი ფარულ ჩანაწერებზე - ხელისუფლება იმით, რომ არ ითხოვს გამოძიებას, ადასტურებს, რომ რაღაც დანაშაულთან გვაქვს საქმე

მმართველ პარტიაში ხომ ამბობენ, რომ დამონტაჟებულია, ფალსიფიცირებულია, 2010 წელია... შე კაი ადამიანო, ყველაფერი შენს ხელშია, გამოიძიე, დაადასტურე და ფალსიფიკატორები დასაჯე, დაგვარწმუნე! ამას ერთი სიტყვითაც არ ახსენებენ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ამ სიტუაციაში, მორალურად და არა სისხლის სამართლებრივი კუთხით ბერა ივანიშვილი უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე.

„პირადად მე, ბერას გარკვეულწილად მამაშვილურად ვუყურებ, იმის გათვალისწინებით, როცა ჩვენ ურთიერთობა გვქონდა, ეს ყველაფერი ხომ პოლიტიკის მიღმაა. არ გამოვრიცხავ, რომ კალაძისთვისაც პოლიტიკის მიღმა იყოს. მე ამ ყველაფერში, თუ რაიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ბერას არ ვადანაშაულებ. ის ადამიანები, რომლებიც მათ თავის მომსახურებას სთავაზობდნენ, არწმუნებდნენ ბავშვს, რომ ეს „მოსულა“. სინამდვილეში, ბერას გამო კი არ აკეთებდნენ ამას, აკეთებდნენ თავისი კეთილდღეობის გამო. შესაბამისად, ბერა ამ მთელი დამოკიდებულებების უფრო მსხვერპლად მიმაჩნია, ვიდრე ინიციატორად. მე მას ბავშვობიდან ვიცნობ, ვიცი რამდენად წესიერი ბავშვი იყო, თუმცა ამ გარემოცვამ გარყვნა. არ გამოვრიცხავ, რომ კახა კალაძეც ამ საკითხს ასე უყურებდეს. ის არგუმენტაცია, რაც ხელისუფლებას მოაქვს, არის ყოვლად სამარცხვინო. თუ შენ დარწმუნებული ხარ შენს სიმართლეში, ამხელა განცხადება გამოაქვეყნეს, პირიქით, შენ დაინტერესებული უნდა იყო, რომ ეს საკითხი გამოიძინონ, შენი სიმართლე დადასტურდეს. ხელისუფლებას ამის ყველა მექანიზმი ხელში აქვს. რატომღაც „ქართული ოცნება“ გამოძიებას არ იწყებს. ხომ ამბობენ, რომ დამონტაჟებულია, ფალსიფიცირებულია, 2010 წელია... შე კაი ადამიანო, ყველაფერი შენს ხელშია, გამოიძიე, დაადასტურე და ფალსიფიკატორები დასაჯე, დაგვარწმუნე! ამას ერთი სიტყვითაც არ ახსენებენ. ასეთი დამოკიდებულება და თუნდაც ის, რომ ბერას ახლა ყველა აქებს და ადიდებს, უწონებს საქციელს, ამით ხომ ბერას ცუდ საქმეს უკეთებენ, ბერას ამით ხომ ეუბნებიან, რომ „ნუ გეშინია“, სანამ ჩვენ ვართ, ყველაფერი მოსულა? ჩემთვის ბერა უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე, სისხლის სამართლის გაგებით არ ვამბობ, მე ვამბობ ადამიანური მორალისა და ღირსების გაგებით“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ბერა ივანიშვილს დახმარებას თავად სთავაზობდნენ.

„საკუთარი პოზიციებისთვის აკეთებდნენ ეს ადამიანები ამას. თვითონ სთავაზობდნენ - „ბერა შენ თუ რამე გაგიჭირდა, ხომ იცი, შენ გამო ძვლიანად შევჭამთ ყველას“ და ერთგულებას ასეთი ექსტრავაგანტული გარყვნილი ფორმით ეფიცებოდნენ. ბავშვის ფსიქიკა ამას შეიძლება ჩაყვეს. მე არაფერს ვადასტურებ, ჩემს გულისტკივილს ვამბობ. ბერა ბავშვი როგორიც ვიცოდი, რაც გუშინ მოვისმინე არაფრით შემიძლია იმის დაჯერება. ხელისუფლება კი იმით, რომ არ ითხოვს გამოძიებას, ადასტურებს რომ აქ რაღაც დანაშაულთან გვაქვს საქმე. თუ დარწმუნებულია ხელისუფლება, რომ ეს ფალსიფიცირებულია და აქ პრობლემა არ არის, რატომ არ თხოვს გამოძიებას. გამოძიების გარდა ყველაფერზე რატომ ლაპარაკობენ?! ე.ი ყველაფერი არაა ხომ წესრიგში?! მაგრამ რომც იყოს რაიმე დანაშაული, არა სისხლის სამართლის კუთხით, არამედ მორალური კუთხით, მე ბერას არ ვთვლი დამნაშავედ, დამნაშავეებად მივიჩნევ იმ ადამიანებს, გარემოცვას, რომელმაც სიტუაცია შეუქმნა და უთხრა, რომ ყველაფერი მოსულა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა