რამაზ საყვარელიძე - ფარული ჩანაწერების სამიზნე ღარიბაშვილი იყო და ივანიშვილის ოჯახი საშუალებად გამოიყენეს - არ მგონია, მიზანს მიაღწიონ, უფრო სერიოზული საბაბი უნდა მოლაპარაკებებიდან პრემიერის ჩამოცილებას

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერების სამიზნე, სადაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ, ღარიბაშვილი იყო და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მხოლოდ საშუალებად გამოიყენეს. ამის შესახებ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც პოლიტოლოგი ვარაუდობს, ჩანაწერების გავრცელების უკან ოპოზიცია დგას.

ამასთან, საყვარელიძის თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს ისიც, რომ არ ჩანს დაზარალებული.

„ნებისმიერი მოვლენის უკან ვარაუდობენ ხოლმე, რომ დგას ის, ვისაც ეს მოვლენა უხარია, აიტაცებს, გამოიყენებს. როგორც ჩანს, ოპოზიციის ინტერესი არის, თან ბოლო ჩანაწერების მერე პედალირება ხდება იმაზე, რომ ღარიბაშვილი უნდა ჩამოსცილდეს მოლაპარაკებების პროცესსო. როგორც ჩანს, სამიზნე ირაკლი ღარიბაშვილი იყო და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ამ შემთხვევაში მხოლოდ საშუალებად გამოიყენეს. პოლიტიკური მიზანი ეგ იყო, როგორც მეჩვენება, მაგრამ არა მგონია, რომ მიზანს მიაღწიონ, რადგან უფრო სერიოზული საბაბი უნდა მოლაპარაკებებიდან პრემიერ-მინისტრის ჩამოცილებას“, - განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გამოხმაურებას და თბილისის მერის, კახა კალაძის დუმილს, საყვარელიძე ამბობს, რომ კახა კალაძის გამოჩენა მარტო ამ მიზეზით აუცილებელი არ იყო ისევე, როგორც კობახიძის გამოჩენა და საკითხზე გამოხმაურება.

„რეალურად, სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ რა ხდება. კახა კალაძე ბერა ივანიშვილის მეგობარი თუ არის, მარტო ამ მიზეზით მისი გამოჩენა შეიძლება არ იყოს აუცილებელი. არც კობახიძის გამოჩენა იყო აუცილებელი მე თუ მკითხავთ. ფაქტი ერთია, რომ მომჩივანი არ ჩანს. თუ ვინმეს არგამოჩენა არის ამ თემაში პრობლემა, არის მომჩივანის არგამოჩენა. აუთენტურობის საკითხი ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ მომჩივანის არგამოჩენა ეჭვქვეშ აყენებს, რომ საერთოდ ეს მოვლენა რამე სერიოზული იყო. თუ დანაშაულია, ვინმე უნდა დაზარალდეს. თუ დაზარალებული არ ჩანს, მაშინ დანაშაულთან საქმე გვაქვს თუ არა, ეს კითხვა ისმის“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ამასთან, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ჩანაწერებზე რეაქციას და არა იმას, ის ავთენტურია თუ არა. მისივე თქმით, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩანაწერების გამოქვეყნებამ ღარიბაშვილის ან ბერა ივანიშვილის მიმართ საზოგადოებას სერიოზული რეაქცია გაუჩინა.

„ერთხანს ძალიან დიდი ტალღა იყო ასეთი ჩანაწერების და ეს ტალღა მერე შესუსტდა. ვფიქრობ, ამ ტალღის შესუსტებაზე არსებითად გავლენა იქონია არა გამოძიებების ჩატარებამ, არამედ იმან, რომ საზოგადოებამ მისცა რეაქცია გამოძიებებს. კერძოდ, საზოგადოების აგრესია მათ მიმართ წარიმართა, ვინც ჩაწერა, ვინც გაავრცელა და არა იმათ მიმართ, ვისზეც ეს ჩანაწერი იყო, ანუ მოქმედ პირებზე არ აისახა ამ ჩანაწერის შედეგები; აისახა შემქმნელებზე და გამავრცელებლებზე, რაც არ წარმოადგენდა როგორც ჩანს, მის მიზანს, ვინც ეს ჩანაწერები გაავრცელა. მოსახლეობის რეაქცია არ ემთხვეოდა ჩანაწერების გამავრცელებლის მიზანს და ამიტომ ჩანაწერების გავრცელება შეჩერდა. მგონია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ჩანაწერებზე რეაქციას და არა იმას, ის ავთენტურია თუ არა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩანაწერების გამოქვეყნებამ საზოგადოებას სერიოზული რეაქცია გაუჩინა ღარიბაშვილის ან ბერა ივანიშვილის მიმართ. სერიოზული რეაქცია ამაზე ადამიანებს არ აქვთ. ამან რეაქცია გაუჩინა ისევ და ისევ პოლიტიკური ჯგუფების აქტივისტებს, როგორც ერთი ასევე, მეორე მხრიდან. მაგრამ არა მგონია, რომ ამ აქტივისტებზე გათვლა იყოს ჩანაწერის მიზანი. აქტივისტს სულ არ სჭირდება ჩანაწერი, ის, რომ ღარიბაშვილი უნდა იყოს თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს ნებისმიერი სხვა თემით შეიძლებოდა წამოეწია ოპოზიციას, ამისთვის ჩანაწერები სულ არ იყო საჭირო. დავუშვათ ის, რომ ღარიბაშვილი უფრო რადიკალურია ოპოზიციასთან მიმართებაში, ვიდრე სხვა პოლიტიკური ფიგურა „ოცნებიდან“. ეს იქნებოდა უფრო ლოგიკური და საკმარისი არგუმენტი ამ მოთხოვნის წამოსაყენებლად. ამ მოთხოვნის წამოყენებისთვის ეს გაუგებარი ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რომელზეც დაზარალებული არ ჩანს და ა.შ., ამ ნაბიჯის გადადგმა დიდად აზრიან პროცესად არ მიმაჩნია. ეს სარწმუნო არც საერთაშორისო პარტნიორებისთვის იქნება, თუ გავიხსენებთ მათ დამოკიდებულებას არჩევნების გაყალბების თემაზე, მოითხოვეს, მოიტანეთ სასამართლოს ვერდიქტი. არ იყო ეს ვერდიქტი და პრაქტიკულად გაყალბების თემას ყურადღება არ მიაქციეს. აქ მით უფრო ისმის საკითხი - მოიტანეთ სასამართლოს ვერდიქტი. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ეს ვერდიქტი იქნება მათთვის სარწმუნო“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს