ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდი - არაგადამდები დაავადებების მქონე ადამიანებს COVID-19-ის გართულებების და სიკვდილის გაცილებით მაღალი რისკი აქვთ

მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტად უნდა იქცეს არაგადამდები დაავადებების თავიდან აცილება, ჯანმრთელობითი განათლება და ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რაც ჯანსაღი მომავალი თაობებისა და ზოგადად ჯანსაღი მოსახლეობის გარანტია,- ამის შესახებ ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა უმრავლესობას (მათ შორის საქართველოშიც) თანმხლები, სხვადასხვა არაგადამდები დაავადებები აღენიშნებოდა.

„არაგადამდები დაავადებების მქონე ადამიანებს COVID-19-ის გართულებების და სიკვდილის გაცილებით მაღალი რისკი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში COVID 19-მა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სიკვდილის გამომწვევ ძირითად მიზეზებად არაგადამდები დაავადებები რჩება. შესაბამისად, მათი პრევენცია, კონტროლი და მართვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის დროს.

არაგადამდები დაავადებების შედეგად, ყოველწლიურად, მსოფლიოში 41 მლნ ადამიანი იღუპება, რაც სიკვდილობის გლობალური მაჩვენებლის 71%-ს შეადგენს.

არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის შემთხვევების 80% უკავშირდება დაავადებათა 4 ჯგუფს: გულ-სისხლძრღვთა დაავადებები - 17.9 მილიონი, კიბო - 9 მილიონი, ქრონიკული რესპირაციული დაავადებები - 3.9 მილიონი, დიაბეტი - 1.6 მილიონი.

სიკვდილი განპირობებულია არაგადამდები დაავადებების გამომწვევი ძირითადი რისკ-ფაქტორებით; მაგალითად, ყოველწლიურად თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარება 8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, მარილის ჭარბი მოხმარება - 4.1 მილიონის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება 1.7 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, და სხვ.

სიკვდილიანობის გლობალურ მაჩვენებლებში არაგადამდები დაავადებების წილი მსოფლიოში 60-65%-ია, ევროპაში 80-85%, საქართველოში დაახლოებით 94%-ია. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გულსისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის: მსოფლიოში დაახლოებით 60%, საქართველოში კი 70%.

არაგადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისათვის, რადგან სიკვდილიანობის მეტი წილი სწორედ გულსისხლძარღვთა სისტემის, სხვადასხვა სახის კიბოს, დიაბეტსა და რესპირაციულ დაავადებებზე მოდის.

მასობრივად გავრცელებული არაგადამდები დაავადებები ამოკლებენ მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, აქვეითებენ ცხოვრების ხარისხს და შრომის უნარიანობას. ყოველივე საკმაოდ ძვირი უჯდება, როგორც ოჯახებს, ასევე სახელმწიფოს და წარმოადგენენ ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორებს, აძლიერებენ სიღარიბესა და უთანასწრორობას. ამ ყველაფერს, ბოლო ერთი წელია დაემატა ახალი კორონავირუსული პანდემია, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

გაეროს მდგრადი განვითარების სამიზნეს 2030 წლისათვის წარმოადგენს არაგადამდები დაავადებებით ნაადრევი სიკვდილობის 30%-ით შემცირება.

საზოგადოების ჯანმრთელობისათვის ამ უდიდესი ტვირთის მატარებელი ოთხი ძირითადი დაავადებისა და მათი გამომწვევი ოთხი რისკ-ფაქტორის პრევენციის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ხარჯთ-ეფექტურობის კვლევებსა და მრავალ სხვა მტკიცებულებაზე დაყრდნობით, გვთავაზობს ეფექტური ღონისძიებების ჩამონათვალს, ჯანსაღი კვების ხელშეწყობის, ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების, თამბაქოს მოხმარების შემცირების, გულსისხლძარღვთა დაავადებების მედიკამენტოზური მკურნალობის, ფიზიკური აქტივობის გაზრდით და კიბოს მართვის გაუმჯობესების სახით. შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება ავადობა, სიკვდილობა და ეკონომიკური ზარალი. მომდევნო 10 წლის განმავლობაში შეფასებითი კუმულაციური დანაკარგი წლიური გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 4% იქნება. ყოველი 1 აშშ დოლარის ინვესტირება მოგებას მოიტანს.

აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნებას და შედეგიც უახლოეს პერიოდში აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებითა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლით. ამ მიმართულებით განხორციელებული მდგრადი ინვესტირება/დაფინანსება სახელმწიფოს დაუზოგავს მნიშვნელოვან რესურსებს.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტად უნდა იქცეს არაგადამდები დაავადებების თავიდან აცილება, ჯანმრთელობითი განათლება და ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რაც ჯანსაღი მომავალი თაობებისა და ზოგადად ჯანსაღი მოსახლეობის გარანტია. საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს მალე მიაღწიოს გარღვევას ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების მდგრადად განხორციელების გზით, თუკი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელისუფლების მტკიცე ნება იქნება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა