31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გაიმართება. სხდომა დღეს 17 საათზე ჩაინიშნა.
საორგანიზაციო სხდომაზე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს აირჩევენ. ასევე, მიიღებენ კომისიის წესდებას.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქცია „ქართული ოცნებიდან" დეპუტატები ალუდა ღუდუშაური და გივი მიქანაძე იმუშავებენ.
კომისიაში, ოპოზიციის კვოტით „ევროპელი სოციალისტები" ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ჩაერთვებიან.
რეგლამენტის თანახმად, თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრი იქნება, დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი არ შეიძლება იყოს უმრავლესობის წევრი, ხოლო თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ არის უმრავლესობის წევრი, დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი უმრავლესობის წევრი უნდა იყოს.
კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შესახებ დასკვნა სამი თვის ვადაში უნდა დადოს.