ირაკლი ზარქუა - დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე და მონტაჟზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პროკურატურამ „უკანონო მოსმენებზე, ჩანაწერების უკანონო გავრცელებაზე და მონტაჟზე გამოძიება უნდა დაიწყოს“.

როგორც ზარქუა აღნიშნავს, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა.

„ის რაც ხდება, ფაბრიკაცია, დაჭრა, უკანონო მოსმენები, თან როგორც ირკვევა 2010-2011 წლებია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა რეჟიმთან ჰქონდა სახელმწიფოს საქმე. არ გამორიცხოთ, რომ ამ ფორმით, შანტაჟით, ჩაშვებით, უკანონო მოსმენებით და ფაბრიკაციებით, ხვალ-ზეგ ვიღაცას, წინა რეჟიმის წარმომადგენელს თქვენ არ მოეწონებით, თქვენც იგივე ჩანაწერებს გაგიკეთებენ, დაგიმონტაჟებენ და მოგიწევთ თავის მართლება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე, დაჭრაზე, მონტაჟზე“, - განაცხადა ზარქუამ.

შეკითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ჩანაწერების შინაარსზე, ზარქუამ განაცხადა, რომ შინაარსის დამონტაჟება შესაძლებელია.

„ახლა ისეთ შინაარსს დაგიმონტაჟებ, რომ ვერ გაასწრო აქედან. როგორც ირკვევა, თუ 2010-2011 წლებში, როცა არის ეს ჩანაწერილი და თუ ეს შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, სად იყო მაშინდელი ხელისუფლება? შეგახსენებთ, სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 2013 წლამდე. ეს არის ფაბრიკაცია, ეს არის დამონტაჟებული“, - განაცხადა ზარქუამ.

ზარქუას თქმით, სიუჟეტის ეთერში გასვლის მიზანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ჩაშლა და რევოლუციური სცენარის განვითარებაა.

„ეს სიუჟეტი, რაც გამოაგდეს, ფალსიფიცირებული და უკანონო მიყურადღების საფუძველზე მოპოვებული და შემდეგ დამონტაჟებული, ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები და დიალოგი. თქვენ იცით, რომ პარტიები შეჯერდნენ, პარლამენტში შემოსულიყვნენ, სააკაშვილი დარჩა მარტო და შესაბამისად ახლა გამოაგდეს ახლი თემა, რომ ჩაშალონ. მათ შორის იყო „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ხოშტარია... მემორანდუმი გააფორმეს ერთმანეთში და ისინი ამბობდნენ, რომ დიალოგის შედეგად, როცა შევჯერდებით, მერე ალბათ შემოვალთო. ეს მცდელობა, რომ დიალოგის რეჟიმით რაღაც კონსენსუსამდე მივსულიყავით, არ აწყობს ერთადერთ მარგინალურ პარტიას და ეს არის სააკაშვილი. ყველაფერს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ჩაშალონ. მიხვდნენ, რომ რჩებიან მარტოსულები და ბელადის დაკვეთას ვერ ასრულებენ, რაც არის რევოლუცია და ქაოსი. არ გამოვრიცხავ, რომ უკანონო ჩანაწერები 2010-2011 წლების, რაც აქვთ, გამოაგდონ კიდევ ერთხელ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ არ აყვნენ, ეს არის სპეკულაცია, ეს არის ჩვეულებრივი მცდელობა იმისა, რომ რევოლუციური სცენარი დადგან და ამით ხალხი აიყოლიონ“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს