ვახტანგ კალოიანი - პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის ჩამოსვლა საქართველოს ხელისუფლებისადმი მძლავრი სიგნალია, რომ შედგეს მოლაპარაკება

პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის ჩამოსვლა საქართველოში ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი მძლავრი სიგნალი არის, რათა დემოკრატიული პროცესები აქტიურად გაიხსნას და შედგეს მოლაპარაკება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირად წარმომადგენლად კრისტიან დანიელსონის დანიშვნას გამოეხმაურა.

კალოიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციური სპექტრი და მათ შორის კონკრეტულად „ევროპული საქართველო“ მზადაა „რიგგარეშე არჩევნებამდე ყოველგვარი გართულების გარეშე მისვლისთვის“.

„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მზად ვართ რიგგარეშე არჩევნებისთვის და ოპოზიცია მზადაა რიგგარეშე არჩევნებამდე ყოველგვარი გართულებების გარეშე დროულად მისვლისთვის“, - განაცხადა კალოიანმა.

გარდა ამისა, კალოიანი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დღეს დაგეგმილ დებატებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დებატები მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიძრას.

„კიდევ ერთი მხარდაჭერაა გამოხატული ევროკავშირის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე დგას, თუმცა სჯობდა, რომ ეს სხვა კონტექსტში ყოფილიყო. ჩვენ ველოდებით ამ დებატებისგან, რომ კიდევ ერთი მძლავრი მხარდამჭერი სიგნალი იქნება, რათა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ბოლომდე გაიხსნას“, - აღნიშნა კალოიანმა.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრი რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „გავრცელებული ჩანაწერები ხაზს უსვამს რიგგარეშე დემოკრატიულ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას და ამ ხელისუფლების დროულად და მშვიდობიანად სახლში გასტუმრებას“.

„იმ პოლიტიკური ძალისგან, რომლის პოლიტიკური კარიერა დგას უკანონო ჩანაწერებზე, ძალიან ცინიკურია ამ ჩანაწერზე მათი კომენტარები. პრობლემაა თავად ჩანაწერი და პრობლემაა მასზე კომენტარები, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს გამოძიების საგანი, მაგრამ მთავარია, რომ ეს ჩანაწერები ხაზს უსვამს სასიცოცხლო აუცილებლობას რიგგარეშე დემოკრატიულ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას და ამ ხელისუფლების დროულად და მშვიდობიანად სახლში გასტუმრებას. ოპოზიციისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ , - განაცხადა კალოიანმა და დასძინა, რომ „ევროპული საქართველო“, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ყველაფერს გააკეთებს, რათა „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებების ჩასაშლელად საბაბად ვერანაირი ჩანაწერი ვერ გამოიყენოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს