გუბაზ სანიკიძე - ყოველგვარი ენის მოჩლექვის გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ველური ქვეყანა ვართ - საკითხი უკვე ასე დგას: როდის გასკდება „ოცნება“

ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „ძალა ერთობაშიას“ წევრის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, შესაძლოა, ფარული ჩანაწერები იმისთვის გავრცელდა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩაიშალოს.

როგორც სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ეს ჩანაწერები ორმხრივ რადიკალიზაციას უწყობს ხელს და ჩრდილოეთს არ უნდა, რომ კომპრომისი შედგეს, რომლის შედეგიც ხელისუფლების კონსტიტუციური ცვლილება იქნება.

„შესაძლოა, ეს ჩანაწერები იმისათვის გაკეთდა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ეს ჩანაწერები ორმხრივ რადიკალიზაციას ხელს უწყობს. ნუ ვიგულისხმებთ მხოლოდ შიდა წრეს, შეიძლება გარე წრის ინტერესიც იყოს. ჩრდილოეთს არ უნდა, რომ კომპრომისი შედგეს, რომლის შედეგიც იქნება ამ ხელისუფლების კონსტიტუციური ცვლილება. შესაძლოა, სურთ, რომ რადიკალიზაცია გაღრმავდეს და ერთმანეთს შევასკდეთ ისევ. ჩვენ უნდა გვინდოდეს კომპრომისი, მაგრამ არსებობს ქვეყნის გარეთ ძალა, რომელსაც აქ კომპრომისი არ უნდა, ურჩევნია, რომ ქართველები შევეხეთქოთ ერთმანეთს. დასავლელებს ზედმეტი თავის ტკივილი არ უყვართ და იტყვიან: ,,რადგანაც ველური ქვეყანაა, მოდი ველურმა რუსებმა მიხედონ ამ ველურ ქართველებს“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

სანიკიძის შეფასებით, არსებობს ვერსია, რომ ფარული ჩანაწერები მმართველი გუნდის შიგნიდან არის წამოსული და „ქართული ოცნების“ წევრები გამალებით ეძებენ „ვირთხას“, რომელმაც ეს ინფორმაცია გარეთ გამოიტანა“.

„ეს ძალიან მძიმე, სამწუხარო და თავზარდამცემი ამბავია. ყოველგვარი ენის მოჩლექვის გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ველური ქვეყანა ვართ, როგორც ჩანს, ეს უკვე ქცევაში გვაქვს გადასული. გვაქვს ვერსია, რომ ეს შიგნიდან არის წამოსული და ერთმანეთსაც უწერენ და ერთმანეთს უქვეყნებენ. ის მანკიერი მოვლენა, რაც დამკვიდრდა საქართველოში, ერთმანეთის მოსმენასთან და ჩაწერასთან დაკავშირებით, უკუპროცესი დაიწყო. ცნობილი ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უყვარს სხვების ჩაწერა და კომპრომატების მოგროვება. როგორც ჩანს, აქამდე „ქართული ოცნების“ მონოლითი სწორედ შანტაჟზე და არა იდეის ერთგულებაზე, ან საერთო საქმეზე იდგა. ეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული და მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების ურთიერთობები ძალიან გაღრმავებულია. როდის „გასკდება“ „ოცნება“, საკითხი უკვე ასე დგას.

ჩვენ ვხედავთ, მათი გენერალიტეტის საკმაოდ თავშეკავებულ კომენტარებს, რამდენიმე კაცია, ვინც აბსურდულ თეორიებს ავითარებს, ხოლო დანარჩენები თავს არ იდებენ. გამიჯვნა წავიდა, ბიძინა ივანიშვილს როგორც ნერონს ემიჯნებიან. ასეთი ფსიქოპათიური ხელისუფალი ყოველთვის ცუდად ამთავრებს, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მათ მშვიდობიანი მომავლისთვის მიეღწიოთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ გაგრძელდება ეს და ვისზე იძიებენ შურს. ჩემი ინფორმაციით, გამალებით ეძებენ „ვირთხას“, რომელმაც ეს ინფორმაცია გამოიტანა გარეთ. როგორც ჩანს, დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ოჯახსაც იწერენ, ყოველთვის ასეა, როდესაც შენ მიწერ, ამ დროს მეც გწერ“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო