ალეკო ელისაშვილი - რადგან პროკურატურამ ფარული ჩანაწერების შინაარსზე არ დაიწყო გამოძიება, ეს იქნება პოლიტიკურად მოტივირებული, წყალ-წყალა გამოძიება

გვჭირდება კვალიფიციური გამოძიება. სამხარაულის ექსპერტიზის, ალბათ, თვითონ შოთაძესაც არ სჯერა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის შესაძლო მონაწილეობით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გაცილებით ეფექტური იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში.

„თავად ის ფაქტი, რომ შინაარსზე არ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება, გასაგებია, რომ არანაირი გამოძიებაც არ იქნება. პირველი, რაზეც გამოძიებამ უნდა გასცეს წესით პასუხი, ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, არის - ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, როდის არის გაკეთებული, ჩანაწერის მონაწილე პირები, ბატონი ღარიბაშვილი და ბატონი ჩუბინიძე, იმ დროს, როცა საუბრობდნენ, იკავებდნენ თუ არა პოლიტიკურ თანამდებობებს. რადგან შინაარსზე არ დაიწყო გამოძიება, გასაგებია, რომ ეს იქნება პოლიტიკურად მოტივირებული, წყალ-წყალა გამოძიება, ისეთი როგორსაც ატარებს ხოლმე პროკურატურა. სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ „მოქალაქეები“, რომ გაცილებით ეფექტური იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ საკითხთან დაკავშირებით. გავიმეორებ მოწოდებას, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ მიმართ, პირველ რიგში, მათ ინტერესში უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოვიძიოთ რეალურად. სადღაც კი არ ვმარჩიელობდეთ და ნაცარს კი არ ვქექავდეთ სტუდია-სტუდია, კი ბატონო, ყველას აქვს უფლება და მედიის მოვალეობაც ეს არის, რომ გაარჩიოს, მაგრამ სტუდიებში განხილვებზე მეტად გვჭირდება კვალიფიციური გამოძიება, ნამდვილი ჩანაწერია თუ არა, როდის არის გაკეთებული და ბატონი ღარიბაშვილი და ბატონი ჩუბინიძე, იმ დროს, იკავებდნენ თუ არა პოლიტიკურ თანამდებობებს და იყენებდნენ თუ არა ამ თანამდებობებს პოლიტიკური შანტაჟისა და დევნისთვის, სამხარაულის ექსპერტიზის ალბათ, თვითონ შოთაძესაც არ სჯერა,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს