ნათია თურნავა - „ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაში, ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები

„ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაში არ ხდება მიწის უპირობო გადაცემა: ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიწის გადაცემა საინვესტიციო პირობების შესრულების სანაცვლოდ წლების მანძილზე მიღებული პრაქტიკაა და მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ ხდება, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიცია და ქონების გადასახადის გადახდა, ასევე 28 კილომეტრის გზის მშენებლობა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემა.

„ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული, მიწის პრივატიზაციის საკითხია. თუ პრობლემაა იმაში, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქულ კომპანიას, მე ამ რიტორიკაში არ და ვერ წამოგყვებით, რადგან ეს მიუღებლად მიგვაჩნია; თუ პრობლემა იმაშია, რომ მიწა საერთოდ გადაეცა კერძო კომპანიას, შეგახსენებთ რომ მიწის გადაცემა საინვესტიციო პირობების შესრულების სანაცვლოდ წლების მანძილზე მიღებული პრაქტიკაა. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ (მისი ერთ-ერთი წარმატებული კომპონენტი) აწყობილია ამ პრინციპზე და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის დროსაც კი გადავცემთ კერძო კომპანიას საჭირო მიწას, ოღონდაც განავითაროს ადგილობრივი წარმოება და დაასაქმოს ადამიანები. მით უფრო ეს გამართლებულია, როდესაც საუბარია 830 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და 2000 კაცის დასაქმებაზე“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, დიდი პროექტები საჭიროებენ მეტ მიწას, ამის მაგალითად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოიყვანა, რომელსაც გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა დაახლოებით 500 ჰექტარი მიწა.

„ეს პროექტი წარმატებით რომ გაგრძელებულიყო, კიდევ 700 ჰექტარს გადავცემდით. თითოეულ ასეთ პროექტში, როგორც „ნამახვანი ჰესის შემთხვევაში, არ ხდება უპირობო გადაცემა, თუმცა, ვინაიდან მიწის საკითხი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს, მზად ვართ, დაინტერესებული პირებისა და ექსპერტებისგან შემდგარ ჯგუფს გავაცნოთ თითოეული გადაცემული ან გადასაცემი ნაკვეთის შესაბამისობა ტექნიკურ პროექტთან“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ენგურჰესი“ რომ არ აშენებულიყო, არათუ ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზეც ვერ იქნებოდა საუბარი.

ცნობისთვის, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უსმენენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს