რომან გოცირიძე - ოპოზიციას რაც შეეძლო, გააკეთა, ხელისუფლებამ, რაც შეეძლო, გააფუჭა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოში მედიაციისთვის შარლ მიშელის წარმომადგენლის დანიშვნა მაჩვენებელია, რომ საქართველო არის ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა და ევროკავშირი კარგადაა ინფორმირებული „თუ როგორ გაყალბდა არჩევნები“.

ამასთან, როგორც გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგება, საქართველოში კრიზისი უკვე იმ ზომამდეა მისული, რომ შესაძლოა, საქმე პერსონალურ სანქციებამდე მივიდეს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ჩანს, თუ რა დიდი როლი ენიჭება ევროკავშირს საქართველოში არსებული მძიმე კრიზისის მოგვარების საქმეში და თუ როგორ აფასებენ ისინი, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას. ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო არის ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა და კრიზისის განმუხტვის გარეშე ძალიან დაზიანდება ქვეყნის სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ. ეს ასევე იმის მაჩვენებელია, რომ ევროკავშირი კარგადაა ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, იმის თაობაზე, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები და კრიზისის განმუხტვის ერთადერთ გზად მიაჩნიათ იმ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რომელიც შარლ მიშელის საქართველოში ყოფნის დროს იქნა ჩამოყალიბებული და რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ მწვავე საკითხის გადაჭრას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დიალოგი და ამ რთული ვითარებიდან გამოსვლა, დაწყებული საარჩევნო სისტემის შეცვლით და დამთავრებული რიგგარეშე არჩენების თარიღის გამოცხაებით. მაგრამ ამ ყველაფერს წინ უნდა უძღოდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამ სამი პირობის შესრულების გარეშე ნებისმიერი მოლაპარაკება ჩიხში შევა“,- განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება იმას, წავლენ თუ არა პოლიტიკური მხარეები მოლაპარაკებების პროცესში დათმობაზე, გოცირიძე ამბობს, რომ ეს ხელისუფლების ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

„დამოკიდებულია ხელისუფლების ნაბიჯზე, კვლავ გააგრძელებს თუ არა ცვალებად პოზიციებს - როდესაც ერთგან აცხადებს, რომ არ არსებობს საკითხები, მათ შორის რიგგარეშე არჩევნები, რომელიც არ შეიძლება განხილვის საგანი არ იყოს, ხოლო მეორე დღეს კვლავ „წითელ ხაზებზე“ საუბრობს. ამიტომ ხელისუფლების არათანმიმდევრული პოზიციები ბადებს ყოველთვის ეჭვებს და იწვევს მოლაპარაკების პროცესის ჩიხში შესვლას. ამიტომ გადაწყვეტილება მისაღებია ხელისუფლების მხრიდან. ოპოზიციას რაც შეეძლო, გააკეთა, ხელისუფლებამ, რაც შეეძლო, გააფუჭა. ყველაზე დიდი დარტყმა ამ პროცესს მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“ შტურმით აღებამ და ნიკა მელიას დაპატიმრებამ. ამიტომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

უკვე იმ ზომამდეა მისული საქართველოში კრიზისი, რომ უნდა ველოდოთ ზოგიერთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს მოულოდნელი, გამომდინარე სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან. შეიძლება პირდაპირ პერსონალურ სანქციებამდე მივიდეს საქმე“,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.

დანიელსონი მედიაციას გაუწევს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგს, რომელიც ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას ემსახურება და ამ მიზნით ის საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს