ნათია თურნავა - კატეგორიულად არ ვეთანხმები და ვემიჯნები ნათქვამს, რომ რიონის ხეობა გადაეცა ინვესტორს - ეს ნამდვილად არ არის ასე

კატეგორიულად არ ვეთანხმები და ვემიჯნები ნათქვამს, რომ რიონის ხეობა გადაეცა ინვესტორს. ეს ნამდვილად არ არის ასე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოხსენებისას განაცხადა.

როგორც თურნავამ განმარტა, ლაპარაკია მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთების გადაცემაზე, რომელიც უშუალოდ პროექტისთვის სჭირდება კომპანიას და ინვესტორის ინტერესში ზედმეტი ქონების გადასახადის გადახდა არ არის.

„ყველაზე ბევრი კითხვა მოდის ასევე მიწასთან დაკავშირებით. კატეგორიულად არ ვეთანხმები და ვემიჯნები ნათქვამს, რომ ხეობა გადაეცა ინვესტორს. ეს ნამდვილად არ არის ასე. ლაპარაკია მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც უშუალოდ პროექტისთვის სჭირდება კომპანიას და მერწმუნეთ, რომ არანაირი სურვილი არ აქვთ მათ, რომ ზედმეტი ქონების გადასახადი იხადონ. ამიტომ თუკი რამე არ ჯდება ამ პროექტში, მათ ეს არ სჭირდებათ. მე როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობდი, არ ვგულისხმობდი შემსწავლელ კომისიას, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ აბსოლუტურად სწორად მოხდა ამის გადაცემა და მაგრამ შეიძლება შეიქმნას ჯგუფი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ გავხსნით ამ ინფორმაციას - რა არის, მომავალში რა იქნება როგორ კავშირშია ეს მუშა ნახაზებთან და საპროექტო დოკუმენტაციასთან. არაფერი აქ დასამალი არ არის“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.

მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტში 10 135 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციაა წარდგენილი. როგორც პეტიციის ავტორები აცხადებენ, რიონის ხეობა საფრთხეშია და ონისა და ნამახვანის კასკადების მშენებლობა საფრთხის წინაშე აყენებს არა მხოლოდ რიონის ხეობასა და ბუნებას, არამედ რაჭის, ლეჩხუმისა და ქუთაისის მოსახლეობას. პეტიციაში ნათქვამია, რომ არც ონის და არც ნამახვანის კასკადის პროექტებში სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები. პეტიციის ავტორები ჰოდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს