ნათია თურნავა - სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „ენკამ“ უფრო კონკრეტული პროექტები უნდა დააფინანსოს და სახსრების მართვაში უშუალოდ ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია ჩაერთოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ნამახვანი ჰესის„ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კონკრეტული ფორმატის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობს. პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვისას, ნათია თურნავამ ისაუბრა ინვესტორი კომპანიის მხრიდან მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აღებასა და ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე.

„რა შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ არც ინვესტორის ინტერესები დაზიანდეს და არც ქვეყნის ინტერესები დაზიანდეს, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობდეს გარკვეული შეთანხმების პლატფორმა ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც ადგილზე წარმოადგენს საპროტესტო მოძრაობას - მზად ვართ, რამდენიმე კონკრეტული ფორმატი შევქმნათ იმისთვის, რომ ნებისმიერი კვლევა, თუ საჭიროა, მოხდეს მისი რევალიდაცია, მოხდეს გადახედვა, მაგრამ ისე, რომ პროცესი არ დაირღვეს. ვფიქრობთ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ უფრო კონკრეტული პროექტები უნდა გამოაცხადოს და დააფინანსოს, მეტიც, ვფიქრობთ, ამ პროექტების და პრიორიტეტების შერჩევასა და ამ სახსრების მართვაში უნდა ჩაერთოს უშუალოდ ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია, ის ადამიანები, ვინც დღეს ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, რადგან ალბათ, ბოლომდე ვერ ხედავენ იმ სიკეთეს, რომელსაც ადამიანებისთვის და არა ზოგადად მხოლოდ მაკროეკონომიკურად მოიტანს „ნამახვანი ჰესი“. ამაზეც ვაწარმოებთ კომპანიასთან მოლაპარაკებას და მალე ეს საკითხიც ცხადი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უსმენენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს