ლევან ბოძაშვილი - ევროკავშირს საქართველოში ელჩი ჰყავს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ეს უკვე აღარ არის საკმარისი და აუცილებელია, პირდაპირი ჩარევა ბრიუსელიდან - ეს ნიშნავს, რომ ისინი კრიზისს ძალიან ღრმად აფასებენ

ეს არის დაბრუნება 2014 წლამდე პერიოდში, როდესაც საქართველოს ევროკავშირი კრიზისების პოტენციურ ქვეყნად განიხილავდა - საქართველოში ელჩი ჰყავთ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ უკვე აღარ არის საკმარისი ელჩის ყოფნა და აუცილებელია, პირდაპირი ჩარევა ბრიუსელიდან, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიატორად ევროპის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის დანიშვნას.

მისივე განმარტებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი უშუალოდ იმ ფუნქციით არის დატვირთული, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი ე.წ. 6 - პუნქტიანი გეგმის გათვალისწინებით განიმუხტოს.

„შარლ მიშელის მიერ წარმომადგენლის გამოგზავნას აქვს ორი მიზეზი. პირველი ის, რომ შარლ მიშელის ვიზიტი არ დარჩეს უშედეგოდ და ეს არის ერთგვარი „ფოლოაპი“, ანუ ეს პიროვნება დანიელსონი ევროკავშირის მაღალი რანგის მოხელეა, უბრალოდ მოხელე არ არის, ეს არის ევროკავშირის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის დირექტორატის გენერალური დირექტორი, ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა ევროკავშირში, ევროკომისიაში, ეს არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი წლების განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ეს არის „ფოლოაპი“ ანუ, რომ შარლ მიშელის ვიზიტის შედეგები კონკრეტიკაში გარდაისახოს, ამას გარდა ამას აქვს ძალიან ცუდი, სახელმწიფოსთვის უარყოფითი ფონი. რა იგულისხმება ამაში?! დავაკვირდეთ, რომ ჩვენ საქართველოში უკვე გვყავს ევროკავშირის წარმომადგენელი, ელჩი კარლ ჰარცელი და ევროკავშირმა ჩათვალა, რომ ელჩის მედიაცია არ არის საკმარისი და აგზავნის ძალიან მაღალი რანგის ოფიციალურ პირს იმისათვის, რომ შარლ მიშელის ვიზიტი გარდაიქმნას შედეგში, ანუ კონკრეტული შედეგი დადგეს ასოცირების საბჭოზე.

საქართველოში ელჩი ჰყავთ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ უკვე აღარ არის საკმარისი ელჩის ყოფნა და აუცილებელია, პირდაპირი ჩარევა ბრიუსელიდან. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი კრიზისს ძალიან ღრმად მიიჩნევენ და არამხოლოდ ღრმად მიიჩნევენ, არამედ იციან კარგად, რომ ეს კრიზისი თუ გაგრძელდა, ქვეყანა შევა ძალიან ღრმა ჩიხში, როგორც განვითარების, პოლიტიკური კრიზისის, ევროინტეგრაციის, ისე საგარეო საფრთხეების თვალსაზრისით.

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ რაც საქართველომ დადო ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან 2014 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც გაფორმდა ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან, საქართველო აღარ მიიჩნეოდა ევროკავშირის მიერ კრიზისულ სახელმწიფოდ, სადაც ევროკავშირის კრიზისების მოგვარების მექანიზმი შეიძლებოდა ამოქმედებულიყო. საქართველო მიიჩნეოდა არაკრიზისულ სახელმწიფოდ და ევროკავშირს არ ჰქონდა სურვილი საქართველო განეხილა, როგორც კრიზისების მართვის საჭირო ქვეყნად. ახლა ეს შეიცვალა, ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან ნეგატიური, ვინაიდან ბრიუსელი უშუალოდ აგზავნის მაღალი რანგის ოფიციალურ პირს მედიაციისა და კრიზისის განსამუხტად - ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა დაინახა, რომ თურმე საქართველო კვლავ არის კრიზისების არეალი.

მე მინდა სიტყვა კრიზისი კარგად ავხსნა - ევროკავშირს აქვს სპეციალური კრიზისების მართვის მექანიზმი. ეს მექანიზმი იყოფა ორ ნაწილად: ერთი არის სამოქალაქო კრიზისები და მეორე არის სამხედრო-ნახევრად სამხედრო კრიზისები. 2005-2006 წლების შემდეგ და აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირს კრიზისების მართვის ნაწილში და განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების შემდეგ აღარ მიუმართავს საქართველოსთან მიმართებაში და წარმომადგენელს სხვა შემთხვევაში არ დანიშნავდნენ, რომ არ ხედავდნენ, რომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი კრიზისი იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკური „ისტაბლიშმენტი“ ვერ ახდენს პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებას. აი ეს არის კრიზისი და სწორედ ასეთ დროს ერევა ხოლმე ევროკავშირი უშუალოდ კრიზისების განმუხტვაში. ამიტომ ჩვენ ამ ჭრილში უნდა დავინახოთ ეს - ეს არის დაბრუნება 2014 წლამდე პერიოდში, როდესაც საქართველოს ევროკავშირი განიხილავდა კრიზისების პოტენციურ ქვეყნად. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, ამან არათუ დაგვაშორა ევროინტეგრაციულ პროცესს, არამედ დაგვაბრუნა იმ დროში, როდესაც კრიზისების მართვად განიხილავდა საქართველოს ევროკავშირი. სხვა შემთხვევაში უშუალოდ ევროკავშირის ძალიან მაღალი რანგის პირის დანიშვნა არ მოხდებოდა. აქ საკმარისი მექანიზმი ელჩს ჰქონდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს გასცდა ყველა იმ ფარგლებს, რომლისთვისაც საკმარისი იყო ადგილზე წარმოდგენილი ელჩის დონე.

ეს ყველაფერი ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი უშუალოდ იქნება და არის იმ ფუნქციით დატვირთული, რომ კრიზისი განიმუხტოს იმ ფარგლებში რაც არის ე.წ. 6 პუნქტიან გეგმაში. კრიზისია, როდესაც ინსტიტუტები არ არიან მზად მოახდინონ პრევენცია ან შემდგომი განმუხტვა პოლიტიკური კრიზისისა, როდესაც საარჩევნო სისტემა არის არაადეკვატური, არაა სტანდარტებთან შესაბამისი და როდესაც არ არის სასამართლო ნდობის მქონე და შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ეს ორი ინსტიტუცია ვერ ახერხებს ეფექტურ საქმიანობას. გავიხსენოთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ წაშლილია ზღვარი პოლიტიკურ ხელისუფლებასა და საარჩევნო ინსტიტუციას შორის. ეს ნიშნავს, რომ ეს ორი ინსტიტუცია სასამართლო და არჩევნები, საარჩევნო სისტემა არ შეესაბამება, ვერ პასუხობს კრიზისის განმუხტვის მექანიზმებს, რომლის შედეგიც არის ყველაფერი ის, რაც ხდება ქვეყანაში უკვე 1 წელზე მეტია, რასაც დასასრული არ მოჰყვა და რასაც ექნება ძალიან ცუდი გაგრძელება ევროკავშირის თვალთახედვით. შესაბამისად, თუ გავიხსენებთ, რომ როდესაც შარლ მიშელი მოდიოდა საქართველოში, მას ევროპარლამენტმა მისცა შესაბამისი რეკომენდაციები და სწორედ, ის მანდატი, რომ საქართველოში კრიზისი განემუხტა და მოეხდინა მედიაცია, სწორედ ამის გამო, რადგან ევროკავშირმა დაინახა, რომ საქართველოში კრიზისია, ევროპარლამენტმა განიხილა საქართველოს საკითხი და განიხილა იმის გამო, რომ ევროკავშირი საქართველოს უყურებს, როგორც მის პოტენციურ ერთ-ერთ კანდიდატ წევრს.

ასოცირების შეთანხმებაში ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიზანი პოლიტიკური დაახლოება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში. ეს კრიზისი ეწინააღმდეგება ორივე მიზანს, ამ პოლიტიკური სისტემით საქართველო ვერ დაუახლოვდება ევროკავშირს, ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე საქართველო ვერ განავითარებს ეკონომიკას და ვერ მოახდენს ინტეგრაციას ევროკავშირის ეკონომიკურ ბაზარზე. ამიტომ ევროკავშირი ამას ძალიან კარგად ხედავს, აფასებს ამ პრობლემას, როგორც მნიშვნელოვან კრიზისს და შესაბამისად უკვე უშუალოდ ერევა“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ამასთან, ბოძაშვილის შეფასებით, ე.წ. 6 - პუნქტიანი გეგმის არ განხორციელების შედეგი საქართველოს ევროინტეგრაციული გზიდან ჩამოშორება იქნება, ამიტომ აუცილებელია, მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს.

მისივე თქმით, კრიზისის განმუხტვის პროცესში ყველა პოლიტიკურ სუბიექტს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან სხვაგვარად საქართველო ევროინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდება და საბოლოოდ რუსული გავლენის ქვეშ აღმოჩნდება.

„ახლა აუცილებელია სწორედ მედიაციის ეფექტიანად განხორციელება. მოხდება თუ არა ეს ამ პირის ჩამოსვლის შემდეგ საქართველოში?! მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ყოველგვარი პირობების გარეშე ამ 6 - პუნქტიანი გეგმის განხორციელებას არათუ დაეთანხმებიან, არამედ უშუალოდ არ განახორციელებენ, ისინი პირდაპირ შეგვიძლია ჩავთვალოთ ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგეებად, რადგან ამ ყველაფრის არ განხორციელების შედეგი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი - საქართველოს ევროინტეგრაციული გზიდან დაცილება და ჩამოშორება. ამიტომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რომ იმ 6 - პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მოახდინონ შეთანხმება ყველა საკითხზე - ამაში იგულისხმება, როგორც პარლამენტში შესვლა, როგორც საგამოძიებო კომისიის შექმნა, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებაში და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ერთმა პარტიამ შეიძლება ერთ ან ორ პარტიის წარმომადგენელთან ერთად რაღაც საარჩევნო განხილვები მოაწყოს, მაგრამ ამას ვერ ექნება საერთო პოლიტიკური ლეგიტიმაცია. აი ეს არის მთავარი ამოცანა ევროკავშირის, რომ ყველა ერთად მივიდეს შეთანხმებამდე. სხვაგვარად კრიზისი არ განიმუხტება, სხვაგვარად საქართველო ამ ციხიდან ვერ გამოვა და სხვაგვარად საქართველო ვერ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას და ჩვენ საბოლოოდ აღმოვჩნდებით რუსული გავლენის ქვეშ და ეს იქნება კატასტროფა ამ ქვეყნისთვის“ , - განაცხადა ბოძაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.

დანიელსონი მედიაციას გაუწევს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგს, რომელიც ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას ემსახურება და ამ მიზნით ის საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს