კახა კალაძე - წლების წინ 1500-1700 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მხოლოდ 1000 მიკროავტობუსი იმოძრავებს

წლების წინ 1500-1700 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა დედაქალაქის მასშტაბით, თუმცა ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით მხოლოდ 1000 მიკროავტობუსი იმოძრავებს ქალაქში - დანარჩენ მარშრუტებს ავტობუსები დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში თბილისის მერია დამატებითი ავტობუსების შესყიდვისთვის სატენდერო პროცედურას დაიწყებს.

კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისში 180 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსის და 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, თუმცა ყველაზე მთავარი არის პარკირების განახლება, მოწესრიგება, ძველი ავტობუსების ჩანაცვლება, რომლის პროცესიც დაწყებულია უკვე და წლის ბოლომდე მთლიანად განახლებული პარკი გვეყოლება. ავტობუსები შესყიდულია უკვე უბრალოდ ველოდებით მოწოდებას, როდესაც ეს მოწოდება დასრულდება პარკი იქნება სრულად განახლებული, თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით დამატებით გვინდა, რომ შემოვიყვანოთ დაახლოებით 180 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსი და 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსები იმიტომ, რომ კვლევები, რომლებიც იქნა ჩატარებული და სატრანსპორტო სისტემის გადაწყობა, რომელიც ხდება, აუცილებელია დამატებით ამ რესურსების მოზიდვა ავტობუსების სახით. ჩვენ აქაც უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ ჩანაცვლების პროგრამა გვაქვს აქტიური თანამშრომლობა და მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომელიც ოპერირებას უწევს მიკროავტობუსებს. თქვენ იცით, რომ მუნიციპალიტეტმა 300 ერთეული მიკროავტობუსი შეიძინა უკვე და დღეს ის თბილისის მოსახლეობას ემსახურება. აქვე, კომპანიას აქვს ვალდებულება ამ მიკროავტობუსების გამოსყიდვის.

გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ წლების წინ 1500-1700 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა დედაქალაქის მასშტაბით, თუმცა ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით მხოლოდ 1000 მიკროავტობუსი იმოძრავებს ქალაქში - ყველა იქნება განახლებული, მოწესრიგებული, დანარჩენ მარშრუტებს დააკმაყოფილებს ავტობუსები, 8 მეტრიანი ავტობუსები იქნება ძირითადად.

თბილისის მიკროავტობუსების კომპანიასთან თითქმის დასრულებული გვაქვს მოლაპარაკებები, კომპანია უზრუნველჰყოფს კაპიტალის მოზიდვას და გამოისყიდის ჩვენს მიერ ნაყიდ 300 მიკროავტობუსს, ეს მოხდება ივნისის თვეში და ასევე, ვალდებულებას იღებს, 400 ერთეული ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე - ეს ყველაფერი წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

ამასთან, უახლოეს დღეებში თბილისის მერია გამოაცხადებს ბაზრის კვლევას და დაიწყებს სატენდერო პროცედურას, რათა შევისყიდოთ დამატებითი რაოდენობა ავტობუსებისა, რომლის მოწოდება მოხდება წლის ბოლოს“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:კახა კალაძე - წლების წინ 1500-1700 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მხოლოდ 1000 მიკროავტობუსი იმოძრავებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა