სოზარ სუბარი - ევროპარლამენტში დებატების შემდეგ ოპოზიცია იძულებული გახდა შეეცვალა თავისი ლექსიკა, პოზიცია და ისევ დიალოგზე საუბარი დაიწყეს

ევროპარლამენტში დებატების შემდეგ ოპოზიცია იძულებული გახდა შეეცვალა თავისი ლექსიკაც, თავისი პოზიციაც და მათ დღეს დაიწყეს ისევ და ისევ დიალოგზე საუბარი. დიალოგთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ურყევი - დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან დათმობაზე წავიდა.

„რამდენიმე დღის წინ, გუშინწინ, მთელი ოპოზიცია ამბობდა, რომ მორჩა, დამთავრდა, არანაირი დიალოგი არ იქნება, ამაზე წინასწარ ვთქვი, რომ ეს იყო ხელოვნურად აწეული სკანდალის მთავარი მიზანიც და მიზეზიც. თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამჟღავნდა, ნახეთ, რომ დებატებისას საქართველოს მიმართ საკმაოდ პოზიტიური გზავნილები იყო, ოპოზიცია იძულებული გახდა შეეცვალა თავისი ლექსიკაც, თავისი პოზიციაც და მათ დღეს დაიწყეს ისევ და ისევ დიალოგზე საუბარი. დიალოგთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ურყევი, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. დათმობებს რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მაქსიმალური დათმობა - ჩვენ მივდივართ ახალ არჩევნებზე, თუ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადგინდა, რომ გაყალბება 1%-ზე მეტს აღწევს, მაგრამ ამაზე ოპოზიცია არ მიდის, ერთი მთავარი მიზეზის გამო, რომ გაყალბება არ მომხდარა.

რაც შეეხება კითხვას იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც იხდიან სასჯელს ან ელოდებიან სასამართლო განსჯას, არიან ადამიანები, რომლებსაც მისჯილი აქვთ სამართლიანად, თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით ეჭვი ეპარება, მათ სტრასბურგის სასამართლოში შეუძლიათ წავიდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ არცერთი საქმე სასამართლოში არ წასულა, რატომ? იმიტომ, რომ იციან სტრასბურგში ამ საქმეს წააგებენ. ნიკა მელიას არ ვგულისხმობ, ჯერ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადამიანი არის წინასწარ პატიმრობაში. ძალიან მარტივად არის საქმე, 40 ათასი ლარი, 10 ათასი ევრო არის გადასახდელი. მისი პარტია და მისი პარტიის დე-ფაქტო მმართველი ტოვებს პატიმრობაში, ამაზე ვერაფერს ვიზამთ. მათაც რომ ჰქონოდათ ეჭვი - ეს იყო უკანონო პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სტრასბურგში წავიდონენ, მაგრამ ესეც არ გააკეთეს, იმიტომ, რომ კარგად იციან, ყველაფერი არის კანონის ფარგლებში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა