სოზარ სუბარი - დანაშაულის ნიშნები კი არა, ჩემი თვალთახედვით, მკაფიო დანაშაულია, როცა ადამიანებს იწერენ უკანონოდ - აღძრულია საქმე, დამნაშავეც დადგინდება და იმედი მაქვს, დაისჯება კიდეც

ავთენტურობასთან დაკავშირებით წუხელ საუბარი არ ყოფილა, საუბარია იმაზე, რაც პირველივე დღეს ვთქვით, რომ არის ათეულობით სხვადასხვა ჩანაწერი, საიდანაც ამოკრეფილია სხვადასხვა სიტყვა, მათ შორის, უცენზურო ლექსიკით გამოხატული, - ასე გამოეხმაურა ბერა ივანიშვილის ინტერვიუს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი.

როგორც ის განმარტავს, ფარულ ჩანაწერში არანაირ მუქარასთან დაკავშირებით არ არის საუბარი. სუბარის თქმითვე, აღნიშნულ საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე საუბარი არ ყოფილა.

„რა აღიარებაზე ლაპარაკობთ და რა ავთენტურობაზე, მე არ მესმის. უმრავლესობის შეკრებაზე, ამაზე საუბარი არ ყოფილა. მე გეტყვით ჩემ შთაბეჭდილებას გუშინდელზე და არამხოლოდ გუშინდელზე, უბრალოდ ვიტყვი, რა არის განსხვავება ადამიანურობასა და არაადამიანურობას შორის. არაადამიანურობა, არაცივილიზებულობა არის, როცა ერთი სიტყვის გამო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აგზავნის სოდ-ის სპეცრაზმს და სასიკვდილოდ იმეტებენ საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს - ვალერი გელაშილი. არაადამიანურობა არის, როცა ერთი სიტყვის გამო იძახებენ კუდ-ის მაღალჩინოსნებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნები, იტაცებენ ადამიანს, უკანონოდ აღუკვეთავენ თავისუფლებას, აჰყავთ სასაფლაოზე, აწამებენ და წამებით კლავენ სანდრო გირგვლიანს, ეს არის არაადამიანურობა. არაადამიანურობა არის, როცა ამის შემდეგ, მთელი სახელმწიფო მანქანა, პროკურატურა, პარლამენტი, სასამართლო, საგამოძიებო უწყებები ერთად აყალბებენ ამ საქმეს. არაადამიანურობა არის, როცა გამოდის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი და ტელევიზიით აცხადებს, შემდეგ ჟურნალისტები ავრცელებენ ამ ინფორმაციას ისე, თითქოს, ამ ადამიანის არა უკანონოდ მოტაცება და წამება მოხდა, არამედ სვანურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ანგარიშსწორება. ეს არის სიცრუის მანქანის მოქმედება და არაადამიანურობა“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ქმედება, რომელსაც დაზარალებული არ ჰყავს, დანაშაული ვერ იქნება.

„ადამიანობა არის, როცა ახალგაზრდაზე, თინეიჯერზე და მის მეგობრებზე, მისი სტუდიის ბავშვებზე, რომლებიც არიან 10-11-12 წლის ბავშვები, გოგონები და ბიჭები, თვეების განმავლობაში, მასირებული ბულინგი, შეტევა, მუქარა ხდება, ხდება არამხოლოდ უცენუზრო სიტყვებით, არამხოლოდ უცენზურო ლექსიკით, თქვენთან ვერ გავიმეორებ იმას, რაც ხდებოდა, ამის შემდეგ, ერთი ადამიანი, ანზორ ჩუბინიძე მიდის იმ ოჯახში, მშობლების, მეზობლების თანდასწრებით, ბავშვს ეუბნება - ამ მუქარის უკან რამე ხომ არ დგას, მართლა რამეს ხომ არ აპირებეო. ის ეუბნება, რომ - არაფერს. მაშინ რად გინდა შვილო ასეთ რამეს რომ აკეთებ, წავიდეთ, სპორტზე მიგიყვან, ნორმალურ კალაპოტში ჩადგებიო, ეს არის ადამიანურობა და ეს არის განსხვავება ორ სამყაროს შორის.

დანაშაულის ნიშნები კი არა, ჩემი თვალთახედვით, მკაფიო დანაშაულია, როცა ადამიანებს იწერენ უკანონოდ, ამ საქმეზე აღძრულია საქმე, დამნაშავეც დადგინდება და იმედი მაქვს, დაისჯება კიდეც. რაც შეეხება ავთენტურობას, ავთენტურობასთან დაკავშირებით წუხელ არ ყოფილა ლაპარაკი, ლაპარაკია იმაზე, რაც პირველივე დღეს ვთქვით, რომ არის ათეულობით სხვადასხვა ჩანაწერი, საიდანაც ამოკრეფილია სხვადასხვა სიტყვა, მათ შორის, უცენზურო ლექსიკით გამოხატული, გაკეთებულია ცუდი მოსასმენი ტექსტებით, არანაირ მუქარასთან დაკავშირებით, იქ ლაპარაკი არ ყოფილა. ქმედება, რომელსაც დაზარალებული არ ჰყავს, ბუნებრივია, დანაშაული ვერ იქნება და დანაშაულის ნიშნები ვერ იარსებებს. რა ნიშნებიც არსებობს, დავინახეთ, მივიდა ადამიანი, დაელაპარაკა, ბავშვმა თქვა, მეტს აღარ ვიზამო და ამის შემდეგ წამოვიდა უკან. ამ საუბარს ესწრებოდნენ მშობლები, მეზობლები, არანაირი მუქარა, ძალადობა, არანაირი ბულინგი არ ყოფილა, განსხვავებით იმისგან, რაც საპირისპირო მხრიდან ხდებოდა“, - განაცხადა სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა