ნიკოლოზ სამხარაძე - ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და ბევრად მეტი თმენის ვალდებულება მაქვს - ბერა არ არის პოლიტიკოსი და არც საჯარო პირი

ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და ბევრად მეტი თმენის ვალდებულება მაქვს, ბერა არ არის პოლიტიკოსი და არც საჯარო პირი, - ასე პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე ჟურნალისტების კითხვას, ბერა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ თუ შეურაცხყოფას მიაყენებენ „დღესაც პასუხს მოსთხოვს ყველას“.

სამხარაძე აცხადებს, რომ ეს უშუალოდ ბერა ივანიშვილის განცხადება იყო და მისთვის გაუგებარია, „პოლიტიკოსმა რატომ უნდა აკეთოს კომენტარები ჩვეულებრივი ერთი მოქალაქის განცხადებაზე“.

„მე გულწრფელად, როგორც მოქალაქეს მექნება ძალიან უარყოფითი რეაქცია, მაგრამ ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი, პარლამენტის წევრი და ბევრად უფრო მეტი თმენის ვალდებულება მაქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანს, ბერა არ არის პოლიტიკოსი და არც საჯარო პირი,“ - აცხადებს სამხარაძე.

რაც შეეხება კითხვას, უნდა დაიბარონ თუ არა ბერა ივანიშვილი საგამოძიებო უწყებაში, სამხარაძე აღნიშნავს, რომ თუ პროკურატურა დაინტერესდება, ნებისმიერი ადამიანის დაბარება შეიძლება.

„გამოძიება დაიწყო იმის გასარკვევად, თუ ვინ ჩაიწერს, რატომ ჩაიწერეს, ეს არის პირველ რიგში გასარკვევი. მას შემდეგ, რაც ეს გაირკვევა, შეიძლება სხვა საკითხითაც დაინტერესდეს პროკურატურა და თუ სხვა საკითხებითაც დაინტერესდება, მერე შეიძლება ნებისმიერი ადამიანის დაბარება,“ - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც აუცილებლად მოსთხოვს. „მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც“,- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს