გიორგი ტატიშვილი - კომპანია  OMV Petrom საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს

კომპანია „OMV Petrom” - ი განახორციელებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს შავი ზღვის შელფში, საქართველოს ნაწილში, - ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა „OMV Petrom”- თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა.

გიორგი ტატიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ძებნა-ძიების წარმატებით დასრულებისთვის ყველა ინდიკაცია არსებობს, როგორც გეოლოგიური, ასევე ტექნიკური.

„ხელმოწერამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია OMV Petrom S.A - ის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV - ის შვილობილ კომპანია OMV Petrom S.A - თან და მზადაა, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში.

კონტრაქტს, გიორგი ტატიშვილთან ერთად ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა და OMV Petrom S.A - ის ბიზნესის განვითარებისა და კომერციულმა დირექტორმა ხოსე რაფაელ დუკ-რამირესმა და ამავე კომპანიის ბიზნესის შეფასებისა და კვლევების დირექტორმა ბერნჰარდ კრაინერმა. ხელმოწერას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა”,-აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გიორგი ტატიშვილი აცხადებს, ხელშეკრულება 25 წლიანია 5 წლის გაგრძელების უფლებით.

„დღეს, ხელი მოვაწერეთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას კომპანია „OMV Petrom”- თან. ხელშეკრულება 25 წლიანია, 5 წლის გაგრძელების უფლებით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ეს უდიდესი კომპანია განახორციელებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს შავი ზღვის შელფში, საქართველოს ნაწილში. იმედი გვაქვს, ძებნა-ძიება წარმატებით დასრულდება, ამის ყველა ინდიკაცია არსებობს, როგორც გეოლოგიური, ასევე ტექნიკური. ეს, ბუნებრივია, დაკავშირებული იქნება საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციებთან. ამ კომპანიის მიერ, ზუსტად ანალოგიურ პროექტში, რუმინეთში, ჩადებული იქნა 1.5 მლრდ აშშ დოლარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომპანიის შემოსვლით, ქვეყანაში შემოდის ახალი ტექნოლოგიები, ცოდნა, რაც გამოყენებული იქნება, არა მხოლოდ ამ ნაწილში, არამედ სახმელეთო ნაწილშიც“, - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, OMV Petrom S.A-სთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა