საქართველოს პრეზიდენტმა ქორეოგრაფი გიორგი ალექსიძე სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძე საქართველოში ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართული საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე სახელმწიფო ჯილდო მის მეუღლეს, მარინა ალექსიძეს გადაეცა.

როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძის შემოქმედების განსაკუთრებულობასა და უნიკალურობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მის როლს ქართული ბალეტის განვითარებაში.

„ქართული ბალეტი, ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი და ქართული შემოქმედებითი გენიისა და ნიჭის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

ბალეტზე საუბრისას ერთად განვიხილავ კლასიკურ ბალეტს, თანამედროვე ბალეტსა და ქართულ, ეროვნულ ცეკვებს, რადგან სამივე სახეობა ერთი დიდი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლინებაა. რამ გაყო ვახტანგ ჭაბუკიანი ბალანჩინისგან, ბალანჩინი - სუხიშვილებისგან, ან სუხიშვილები - ალექსიძეებისგან.

ჭაბუკიანმა ქართული კლასიკური ბალეტი მიუწვდომელ სიმაღლეზე აიყვანა. მასთან ერთად არ შეიძლება, აქ არ გავიხსენო ვერა წინდაძის სახელი და მისი არაჩვეულებრივი დუეტი, რომელიც ყველას მეხსიერებაში მუდმივად დარჩება. ბალანჩინმა, რომლის გაცნობის ბედნიერებაც მქონდა ამერიკაში, ამერიკული თანამედროვე ბალეტი შექმნა და მას არ დავიწყებია ქართული წარმომავლობა და ძირი. სუხიშვილებმა გააცოცხლეს, თუ არა შექმნეს და მსოფლიოში გაიტანეს ქართული ცეკვა და მაშასადამე, ქართული კულტურა. გიორგი ალექსიძემ კი, მსოფლიო საზოგადოებას ბალეტისა და ქორეოგრაფიის ახალი ხედვა გაუზიარა.

ამ ყველა შემოქმედის საერთო ნიშანი და მახასიათებელი არის ის, რომ ისინი ერთდროულად იყვნენ კლასიკოსებიც და ნოვატორებიც, გამბედავებიც და ტრადიციების გამგრძელებლებიც.

დღევანდელი დღის გმირი, გიორგი ალექსიძე, თავისი საქმიანობითა და შემოქმედებით გამორჩეული პიროვნება იყო და ქართული ბალეტის სამსახურში 30 წელი გაატარა. ის წლების განმავლობაში, ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი იყო.

მისი მთლიანი შემოქმედებიდანაც ჩანს, რომ ის იყო თავისუფალი, როგორც ადამიანი და თავისუფალი, როგორც ხელოვანი. ხელოვნებაში ვერ იქნები, თუ არ ხარ სრულაიდ თავისუფალი. მან ბალეტსა და ქორეოგრაფიაში ახალი ენა და ახალი ხედვა შემოიტანა: ქორეოგრაფიული მინიატურები, კამერული ბალეტი, მისი ხელწერა, გაჯერებული იყო სისადავითა და დახვეწილობით.

სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობდი გიორგი ალექსიძეს, მაგრამ პირველად (და ეს ძალიან კარგად მახსოვს) დათო ჩუბინიშვილის სახლში მისი დოკუმენტური ფილმით გავიცანი. შემდგომში კი, კიდევ სხვაგვარად გავიცანი მისი ქალიშვილის ქორეოგრაფიიდან.

ადამიანი, რომელიც ასეთ კვალს ტოვებს და რომლის მემკვიდრეობა გრძელდება და განახლებასაც განიცდის, არ კვდება. ამიტომ მე დღეს ცოცხალ ხელოვანს, ცოცხალ გიორგი ალექსიძეს ვაჯილდოვებ საქართველოს დიდ პატრიოტსა და დიდ ხელოვანს!“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასმა, რომელსაც გიორგი ალექსიძის ქალიშვილი მარიამ ალექსიძე ხელმძღვანელობს, წარმოადგინა გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მიხედვით დადგმული ბალეტი „დოვინ დოვენ დოვი“.

მათი განმარტებით, ღონისძიებას ესწრებოდნენ: გოგი ალექსიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს