დავით ზალკალიანი - უახლოეს პერიოდში გაიმართება პარტიებს შორის მოლაპარაკება - ეს კომპლექსური პროცესია და არ უნდა ველოდოთ, რომ დაგროვილი თემატიკა სრულად დაიფარება და შედეგები მიიღწევა პირველივე რაუნდის დროს

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, 16 მარტს, ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის შეხვედრებზე ყველა იმ საკითხს განიხილავს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანსაც.

„16 მარტს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. მოგეხსენებათ, რომ ეს გახლავთ საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატი, სადაც საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობა. საბჭო განიხილავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ასევე, ევროკავშირთან ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობების ყველა ძირითადი მიმართულება, ასოცირების შეთანხმების ყველა არსებული საკითხი იქნება სრულად დაფარული.

რა თქმა უნდა, შევეხებით უსაფრთხოების სიტუაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს, რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ პროცესებს, პანდემიასთან ბრძოლას, ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხებს და, რა თქმა უნდა, განხილული იქნება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური საკითხები.

ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოლიტიკა ევროკავშირთან, აღვნიშნოთ ის პროგრესი, რომელიც აქვს ქვეყანას ეკონომიკის, პოლიტიკის და დემოკრატიზაციის რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივები და ის საკითხები, თუ რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

იქნება სხვა, მაღალი დონის შეხვედრები. პრემიერ-მინისტრი შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს, ასევე იქნება შესაძლებლობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ნატო-ს მოკავშირე წევრ ქვეყნებს გააცნოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით არსებული პროგრესი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტამდე შედგება მოლაპარაკების პროცესი ოპოზიციასთან, თუმცა, მისივე თქმით, არ უნდა ველოდოთ, რომ შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ერთი შეხვედრით შედგება.

„უახლოეს პერიოდში გაიმართება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესი. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსური პროცესია და არ უნდა ველოდოთ, რომ ის დაგროვილი თემატიკა, რომელიც დღის წესრიგშია, სრულად დაიფარება და შედეგები მიიღწევა პირველივე რაუნდის დროს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება ამ პროცესში ჩართვის და კიდევ ერთხელ გაცხადებული, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. აუცილებელია, მიღწეულ იქნას კონსენსუსი, რადგან ქვეყანას აქვს უსერიოზულესი გამოწვევები რეგიონში არსებული უსაფრთხოების კუთხით, პანდემიასთან დაკავშირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომ აუცილებელია შედგეს კონსენსუსი ყველა პოლიტიკურ ძალას შორის და პროცესები გადავიდეს პარლამენტში. ჩვენ ვიხილეთ მოწოდებები ევროპარლამენტარების მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ოპონენტებმა მხოლოდ და მხოლოდ ამოიკითხეს ის, რაც მათ სურდათ და წარმოაჩინეს ისე, რომ მოწოდება თითქოს მხოლოდ ხელისუფლებაზე იყო. იქ იყო მოწოდება ყველა აქტორზე, რო შევიდეს დიალოგში და რომ პარლამენტი არის ზუსტად ის ადგილი, სადაც პრობლემური საკითხები უნდა იყოს განხილული, რაც დღეს აქტუალურია. ის, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოხატულია პოლიტიკური ნება, რომ დაიწყოს მსჯელობა იმ საკითხებზე, რომელზეც კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია, მათ შორის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის მიღწევაც წარმოუდგენელი იყო ცოტა ხნის წინ. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ შემდგარიყო დოკუმენტი, პროექტი, რომლის მიღებაც ოპოზიციის პარლამენტში შესვლის გარეშე შეუძლებელია; იგივე საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. ეს არის თემები, რომელზეც შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა. ყველა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე უნდა გადადოს საკუთარი პოლიტიკური ინტერესები. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შეეცადოს ყველა, რომ მიღწეულ იქნეს კონსენსუსი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა