“საქსტატი” გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს

“საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა” და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქსტატიდან“ აცნობეს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა და „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

გოგიტა თოდრაძის თქმით, პროექტის ფარგლებში მოხდება “საქსტატის” ვებ-გვერდის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების გაძლიერება და „საქსტატის“ თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება.

„პროექტის მიზანია სტატისტიკის ეროვნული სისტემის შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიით (2020–2023) განსაზღვრული ამოცანების დროულად და ხარისხიანად შესრულება“ , - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

„დღეს, როგორც არასდროს, ადამიანების ჯანმრთელობა, ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობა და პანდემიით გამოწვეული კრიზისის გრძელვადიანი შედეგების დაძლევა დამოკიდებულია სანდო მონაცემების არსებობაზე. ჩვენი მხარდაჭერით, “საქსტატი” შეძლებს ხარისხიანად შეასრულოს თავისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობა, დროული რეაგირება მოახდინოს ეროვნულ საჭიროებებზე და ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას საქართველოში”, - განცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

„გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი მიმართულია „საქსტატის“ მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და გავრცელების ხარისხის, შესაბამისობისა და პროფესიონალიზმის ამაღლებისკენ.

პროექტი 4 კომპონენტისგან შედგება: პირველი კომპონენტის ფარგლებში შემუშავდება ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია, ასევე მონაცემთა დაცვის და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი.

მეორე კომპონენტი მიმართულია სტატისტიკურ მონაცემთა გავრცელების შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ, რომლის ფარგლებშიც მოხდება საქსტატის ვებ-გვერდის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მომხმარებლების თანაბარ წვდომას ინფორმაციაზე და მათ მეტ ჩართულობას სოციალურ აქტივობებში.

მესამე კომპონენტის მიხედვით დაგეგმილია საქსტატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება სტატისტიკური და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამებში.

მეოთხე კომპონენტი კი ორიენტირებულია სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებზე (სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მედია, ბიზნეს ასოციაციები, სამეცნიერო საზოგადოება და სხვა) და მოიცავს მომხმარებელთა ჯგუფებთან ურთიერთობების გაძლიერებასა და სტატისტიკის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად კამპანიის ჩატარებას.

“საქსტატსა“ და UNDP-ის ერთობლივი პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2021 წლის დეკემბერში დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს