სალომე სამადაშვილი - დაინიშნოს ახალი არჩევნები  და  თუ „ქართული ოცნება“ მომგებია, დაე, მოიგოს

დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი და ინფორმირებული დიპლომატი, ამიტომ მისი მოტყუება გაუჭირდება ყველას, ძალიან კარგად ფლობს ქვეყანაში პოლიტიკურ კონტექსტსაც და კარგად ესმის დინამიკა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მოუწევს დანიელსონისთვის იმის ახსნა, თუ რის გაკეთებას აპირებს იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს და შემდეგ მედიატორის ვიზიტის შედეგებით ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე წარდგეს. სამადაშვილის განცხადებით, როდესაც ევროკავშირი გეუბნება, რომ ან შეთანხმება შედგება და საქართველო წავა ევროპისკენ ან ეს შეთანხმება ჩაიშლება და ქვეყანა ჩაკეტავს ევროპული მომავლის გზას, ამ ვითარებაში ხელისუფლების მხრიდან მიზეზებისა და საბაბების მოძებნა იმისთვის, რომ არავითარი შედეგი არ დაიდოს, „ასე მარტივად არ გადაივლის“.

„არ მინდა წინასწარმეტყველება დავიწყო, როგორ მოიქცევა ხელისუფლება, იმიტომ, რომ სად წავა ღარიბაშვილი? ჩამოვა ის ადამიანი ხვალ, მოუწევს მასთან შეხვედრა, მოუწევს მისთვის ახსნა, რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს და შემდეგ მოუწევს იმ შედეგებით, რა შედებიც დაიდება მედიატორის ჩამოსვლის შედეგად, ბრიუსელში გამგზავრება და ასოცირების საბჭოზე წარდგენა. ღარიბაშვილს და ხელისუფლებას აქვს მხოლოდ ორი გზა, სხვა გზა აქ არ არსებობს. ერთი გზა არის, რომ წამოვიდნენ იმ ნაბიჯებზე, რომელიც გახდის შეთანხმებას შესაძლებელს და ეს, პირველ რიგში, არის პოლიტიკური მართლმსაჯულების თემის დახურვა ან დახურვა თუ არა, პროგრესი. ამ თემაზე აისახება ყველაზე კარგად ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ნიკა მელიას და გიორგი რურუას ვგულისხმობ და, ასევე, საუბარი და შეთანხმება იმაზე, თუ როდის გაიმართება ქვეყანაში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ თემის დახურვის გარეშე, არც ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ აქვთ მოლოდინი, რომ ეს პრობლემა ამოიწურება.

დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, ის იყო ჩემი კოლეგა, ევროკავშირში შვედეთის ელჩი და ჯერ კიდევ იმ დროიდან ძალიან აქტიურად ლობირებდა საქართველოს ინტერესებს ევროკავშირთან მიმართებით, უვიზო მიმოსვლა იყო ეს თუ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება. ის არის ძალიან გამოცდილი და ინფორმირებული დიპლომატი, ამიტომ მისი მოტყუება გაუჭირდება ყველას, ძალიან კარგად ფლობს ქვეყანაში პოლიტიკურ კონტექსტსაც და კარგად ესმის დინამიკა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის,“- განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთანავე, მან არ გამორიცხა, რომ თუ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები კრახით დასრულდება, საზოგადოებრივი პროტესტი დაიწყოს.

„თუ ეს ყველაფერი კრახით დასრულდება, ერთი რამ ნათელია, ჩვენ სხვა პოლიტიკურ პროცესში გადავდივართ ქვეყნის შიგნითაც. გადავდივართ იმ პროცესში, რომ მობილიზება უნდა გავუკეთოთ საზოგადოებას, როგორც უკრაინაში მობილიზდა თავის დროზე საზოგადოება და ეს ქვეყანა გადაარჩინა, ვგულისხმობ საზოგადოებრივ პროტესტს. ჩვენ ხომ ავირჩიეთ, რომ ევროპაში გვინდა ყოფნა და ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს ეს ქვეყანა, ახლა რომ გეუბნება ევროკავშირი, ან შეთანხმებას მიაღწევ, ან ევროპისკენ გზა დაიკეტება, ცხადია, პასუხს მოვთხოვ მას, ვინც ამ გზას მიხერგავს, ხალხიც მოსთხოვს პასუხს. სხვა სიბრტყეში გადავა ხელისუფლების მდგომარეობაც დასავლეთთან მიმართებით იმიტომ, რომ მათაც ეცვლებათ დამოკიდებულება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი შეფასებით, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში კონსენსუსი ვერ შედგება, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ და ირაკლი ღარიბაშვილი ევროპულ გზაზე უარს იტყვიან და ხელისუფლება ზურგს აქცევს ევროპაას.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდსა და 7 ნოემბრის მოვლენებზეც გაავლო პარალელი. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაჟღერებული მკვეთრი განცხადებების ფონზე, მიხეილ სააკაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.

„7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე მკვეთრი შეფასებების შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა. დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. დაინიშნოს ახლაც და თუ არის „ქართული ოცნება“ მომგები, დაე, მოიგოს არჩევნები...

მიუხედავად შეცდომებისა, არ მომერიდება ამ სიტყვების, გარკვეულ შემთხვევებში დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ერთი რამ, რაც ხელშეუხებელი იყო, ეს იყო სწორედ ჩვენი გზა ევროატლანტიკური მომავლისკენ. დღეს, როდესაც პირდაპირ გეუბნებიან შენი ევროპელი პარტნიორები, ან მოძებნე შეთანხმება ან შენ კეტავ ქვეყნის გზას ევროპისკენ, თუ შენ ყველაფერს არ გააკეთებ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შედგეს, ძალიან დიდ ბოდიში, მაგრამ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგელობა სხვანაირად მოგეკითხება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისი ინფორმაციით, ხელისუფლებას ზეპრინციპული პოზიცია აქვს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე, სამადაშვილმა განმარტა, რომ ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი უნდა შეასრულოს.

„გიორგი რურუას საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 8 მარტის შეთანხმების ეს კონკრეტული პუნქტი არ შესრულდა და ჩვენ პოლიტიკურ ჩიხში შევედით. მაგალითად, ხმა ვერ მივეცით საკონსტიტუციო ცვლილებებს. ფაქტობრივად, ეს პოლიტიკური კრიზისის გამწვავების ერთ-ერთი მიზეზი იყო. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას შეთანხმებული ვალდებულებებისთვის თავის არიდება გაუჭირდება, რადგან მედიაციის პროცესი სხვა ხარისხში არის აყვანილი. ამიტომ, ვფიქრობ, სრულიად ოპოზიციურ სპექტრს ძალიან პრინციპული პოზიცია ექნება, რომ ყველა დადებული პირობა, მათ შორის ადრე დადებული, უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ მხარეებს შორის ნდობაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა