საბა ბუაძე თალაკვაძის განცხადებაზე - სამართლიან პრინციპებამდე სამართლიანი მიდგომა უნდა არსებობდეს, რაც არის ის, რომ „წითელ ხაზებზე“ საუბარი არ ხდებოდეს

სამართლიან პრინციპებამდე სამართლიანი მიდგომა უნდა არსებობდეს, რაც არის ის, რომ დამატებით „წითელ ხაზებზე“ საუბარი მოლაპარაკების პროცესში არ ხდებოდეს - ამ რიტორიკაში ეს არ დამინახავს, თუმცა სულ მიდიოდა ამაზე საუბარი,- ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ „სამართლიანი პრინციპების ფარგლებში ხელისუფლება მზად არის ნაბიჯები გადადგას, რათა შეთახმება მოხდეს“.

მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესში კომპრომისი შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნების მიღწევის გზა და ამ გზაზე „ლელო“ კომპრომისისთვის მზადაა.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესიდან ირაკლი ღარიბაშვილის გასვლას, ბუაძის შეფასებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერების ფონზე, ეს კარგია.

„კარგია, რომ ღარიბაშვილი უშუალოდ არ მონაწილეობს ამ პროცესში, ვინაიდან ჩვენ ვამბობდით, რომ ამ სკანდალური ჩანაწერების ფონზე და იმ ფონზე, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს, ღარიბაშვილის ამ პროცესში მონაწილეობა პრობლემურად წარმოგვიდგენია. უნდა დაწყებულიყო გამოძიება, ღარიბაშვილი უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან, რათა გამოძიებას ხელი არ შეშლოდა. დღესაც ამ აზრზე ვართ. მიგვაჩნია, რომ ღარიბაშვილი უნდა გადადგეს იმისთვის, რომ ამ ძალიან სავალალო აუდიოჩანაწერებს ნათელი მოეფინოს. უნდა დადგინდეს მათი ავთენტურობა.

დღეს ღარიბაშვილმა პოლიტიკურ კრიზისზე საუბარზე მეტი დრო დაუთმო სწორედ იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც მის მიმართაა და ეს კითხვები რჩება. ხელისუფლების რიტორიკა მერყევია - ხან ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის, ხან „წითელ ხაზებზე“ საუბრობენ. ბატონი მიშელის მიერ მისი მონაწილეობით შექმნილ ამ ჩარჩოში დამატებით „წითელი ხაზების“ შექმნა არასწორი რიტორიკაა და მოხარული ვარ, რომ ეს რიტორიკა შეიცვალა. ამ პროცესში ღარიბაშვილის მონაწილეობა აქამდე ფაქტობრივად არ ყოფილა, დღეს გავიგეთ, რომ ჩაერთვება კობახიძე, თალაკვაძე და კუჭავა. იმედი მაქვს, რომ ამ რიტორიკას მოყვება ძალიან ქმედითი ნაბიჯები, იციან ოპოზიციის განწყობა, ოპოზიციის „წითელი ხაზები“ და ის, როგორ წარმოგვიდგენია ამ კრიზისს განმუხტვა და მათზეა ჯერი, რომ ნაბიჯები გადმოიდგას“,- განაცხადა საბა ბუაძემ.

ამასთან, ბუაძე არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებების პროცესი უშედეგოდ დასრულდეს, რადგან, მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ძალიან მაღალ ტრიბუნებზე აღებული ვალდებულების უკან წაღების გამოცდილება აქვს“.

„მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება პროცესები ისე განვითარდეს, რომ ეს არ იყოს ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო სცენარი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, მოიძებნება რაციონალური ფრთა „ქართულ ოცნებაში“, რომელიც ამ კრიზისის შეთანხმების გზით დასრულებას შეუწყობს ხელს. იმედი მაქვს, ისინი გააჟღერებენ „ქართული ოცნების“ უფრო რაციონალურ განწყობას, თუ ასეთ განწყობა არსებობს. თუ „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს რაციონალური შემაკავებელი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პარტია მიდის თვითგანადგურების გზაზე და ამის განმსაზღვრელი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უბრალოდ კონტროლიდანაა გამოსული“,- განაცხადა ბუაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა