მაია ბითაძის განცხადებით, საპარლამენტო კომიტეტი მიესალმება გადაწყვეტილებას, „ნამახვანი ჰესის“ პროექტზე დამატებითი კვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, საპარლამენტო კომიტეტი მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, „ნამახვანი ჰესის“ პროექტზე დამატებითი კვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, ყველა კითხვაზე პასუხი ამომწურავად იყო გაცემული, კვლავ რჩება საკითხები, რომლებზეც გარკვეული კითხვები არსებობდა.

„გადამოწმება ამ ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, გეოსაინჟინრო ინფორმაციისა, დამოუკიდებელი და ძალიან კვალიფიციური კომპანიის მიერ, როგორც ეკონომიკის სამინისტრომ გააჟღერა, არის უმნიშვნელოვანესი პროცესი შექმნილ სიტუაციაში.

შესაბამისად, კომიტეტი მიესალმება ამ პროცესს და მიესალმება იმ გადაწყვეტილებასაც, რომ არ დაიწყება ჰიდროსადგურის ძირითადი ნაგებობისა და კაშხლის მშენებლობა მანამ, სანამ დამატებითი კვლევები არ გვექნება. საბოლოო ჯამში, კვლევების დასრულების შემდგომ, ჩვენ გვექნება ინფორმაცია უკვე დაზუსტებული, გადამოწმებული და საჭიროების შემთხვევაში, შევა პროექტში გარკვეული კორექტირებები.

როდესაც ვსაუბრობთ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე, აქ საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მიუხედავად იმისა, რომ ათობით შეხვედრა ჩატარდა „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით, მაინც იყო გარკვეული კითხვები, რომლებიც აწუხებდა ადგილობრივ მოსახლეობას. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომელიც ახლა იქნა მიღებული, დამატებითი კვლევების ჩატარების თაობაზე, ბუნებრივია, წარიმართება საზოგადოების ჩართულობის კუთხით, ამას კომიტეტი თვალყურს მიადევნებს აუცილებლად და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საჯარო განხილვები კომიტეტშიც მოეწყობა. ეს არის სწორი, დემოკრატიული, გარემოს დაცვითი მმართველობის პრინციპებზე აგებული პროცესი, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, საზოგადოების ინფორმირებულობას, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ინვესტორი იყოს დაცული თავისი ინვესტიციების განხორციელების კუთხით. ეს არის ორმხრივად მომგებიანი პროცესი, სადაც საზოგადოება, ინვესტორი და სახელმწიფო ერთ პროცესში არიან დასაწყისშივე ჩართულები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო