ნინო ბურჯანაძე - იგივეს რომ აგრძელებს „ქართული ოცნება“, რისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ გავუშვით, ეს არის დღეს ჩემი აღშფოთების საგანი

იგივეს რომ აგრძელებს „ქართული ოცნება“, რისთვისაც ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ გავუშვით, ეს არის დღეს ჩემი აღშფოთების საგანი. დღეს „ქართული ოცნება“ იწერს, „ქართული ოცნება“ აქვეყნებს, მათ შორის, ქალების პირადი ცხოვრების კადრებს, რაც არ უკადრებია მართლა „ნაციონალურ მოძრაობას“,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“განაცხადა.

ბურჯანაძემ საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის მონაწილეობით არსებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას აღნიშნა, რომ განცხადება, რომელიც მოგვიანებით ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა, არა მას, არამედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, რომელმაც საზოგადოებას უთხრა, რომ „ყველას ბოლომდე ჩაჰყვებოდა, ვინც მის ინტერესებს შეეხებოდა“.

„10 წლის წინანდელიც რომ იყოს ეს ჩანაწერი, 10 წლის წინანდელი დანაშაულიც დანაშაულია და გარდა ამისა, არის აბსოლუტურად დამადასტურებელი საბუთები იმისა, რომ ეს არ არის 10 წლის წინანდელი ჩანაწერი. 10 წლის წინანდელი ჩანაწერი რომც იყოს და 15 წლის ბავშვებს, რომ ატერორებდნენ, ეს ნორმალურია? ბერა ივანიშვილმა აღიარა, აღიარებითი ჩვენება მისცა და თქვა, რომ ეს ასე იყო და ამის მერეც თუ ვინმე გააკეთებს ამასო, იმავეს ვიზამო. ოღონდ ეს არ იყო ბერა, მე არ ვარ განწყობილი 26 წლის ლაწირაკზე ვილაპარაკო, რომელიც თავზე დაგვასვეს, თუმცა, მე ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ეს არ იყო ბერა ივანიშვილის სიტყვები, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გახმოვანებული ბერას პირით, რომელმაც გვითხრა, რომ ყველას ჩაგყვებით ბოლომდე, ვინც ჩემს ოჯახს შეეხებით და ჩემს ინტერესებსო. რაც შეეხება ბერას, ნუ შეარჩენს, წავიდეს და თუ ასეთი მაგარი ბიჭია, თვითონ მოარტყას ცხვირში. დედას გეფიცებით აუცილებლად ტაშს დავუკრავ“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

მოგვიანებით, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც აუცილებლად მოსთხოვს.

„მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც“,- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა