საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სტანდარტის SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემა ინერგება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით მუშაობს,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა დაცულ ტერიტორიებზე გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით, „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა’’ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ინიციატივის პარტნიორია ფონდი „Global Conservation“.

„დაცული ტერიტორიების მართვისა და რეინჯერთა პატრულირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც თავს მოიყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიანი მონაცემები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს გადაეცათ SMART მოწყობილობები, სადაც ინტეგრირებულია აღნიშნული აპლიკაცია. ახალი SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა უფრო მეტად ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის რეინჯერთა პატრულირებას და, შესაბამისად, დაცული ტერიტორიების მართვას”, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ.

სამინისტროს ცნობით, SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის პილოტირება დაცულ ტერიტორიებზე 2019 წლიდან დაიწყო. რეინჯერებისთვის შესაბამისი ტრენინგები სახეობათა ცენტრის „ნაკრესი“ მხარდაჭერით ტარდება. სისტემის დანერგვა საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე მოხდება. ამ ეტაპზე SMART პატრულირება განხორციელდება ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, მტირალას, კინტრიშის და მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე 118 რეინჯერის მიერ. აღნიშნულ პარკებს 2021 წლის ბოლომდე შეუერთდებიან თუშეთის, ყაზბეგის, ალგეთის და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების 98 რეინჯერი. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაცული ტერიტორიების 80% აღჭურვილი იქნება SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის მოწყობილობებით.

„UNDP-სთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს უნიკალური ბუნების დაცვა და მართვის გაუმჯობესება, რაშიც ჩვენ აქტიურად ვეხმარებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს. ახალი SMART ტექნოლოგიები ხელს შეუწყობს დაცვისა და მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვას და საბოლოოდ ის უზრუნველყოფს არა მარტო ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვას, არამედ ტურიზმის განვითარებას და შემოსავლების ზრდას,“ - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა.

გაეროს განვითარების პროგრამის მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 20-ვე ადმინისტრაციის რეინჯერებმა გაიარეს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები. ყველა დაცული ტერიტორია აღიჭურვა პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთებით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს