მამუკა ხაზარაძე - ფარული ჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები აკრძალული უნდა იყოს, მაგრამ თუ პროკურატურა მხოლოდ კონვერტით ინტერესდება და არა შინაარსით, ეს სერიოზული პრობლემაა

საერთოდ, ფარული ჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები ამ ქვეყანაში აკრძალული უნდა იყოს. ვგმობ, ასეთ პრაქტიკას, მაგრამ თუ პროკურატურა მხოლოდ კონვერტით ინტერესდება და არა შინაარსით, ეს სერიოზული პრობლემაა, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ხაზარაძის განმარტებით, ქვეყანაში საზოგადოება ერთმანეთთან დაპირისპირებულია, რასაც ხელს „ქართული ოცნება“ უწყობს.

მან IRI -ის კვლევასთან დაკავშირებითაც დასმულ კითხვასაც გასცა პასუხი, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურმა სპექტრმა ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ არჩევნები გაყალბდა.

„თუ კარგად წავიკითხავთ IRI-ის ანგარიშს, იქ ძალიან კარგად წერია, ის ძალადობა, წინასაარჩევნო სიტუაცია, რომელიც ამ ქვეყანაში იყო და ამიტომ ამოგლეჯილად ნებისმიერი დოკუმენტის წაკითხვა არასწორია. საკამათო თემაა, რადგან პანდემიის პირობებში, ჩვენ არჩევნებზე ძალიან ცოტა დამკვირვებელი გვყავდა, ეს ყველამ ჩვენ თავზე ვიწვნიეთ, ფაქტია, რომ ჩვენ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო და ჩატარდა იმ ბოლო 30-წლიანი გამოცდილებით, რომელსაც პოსტსაბჭოთა გამოცდილებას ვარქმევ. ვილაპარაკოთ მომავალზე, ფაქტია, რომ დღეს არის კრიზისი, რის გამო აღმოვჩნდით ამ კრიზისში, თითქმის, აღარ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ქვეყანა შუაზეა გაყოფილი, საზოგადოება ერთმანეთთან დაპირისპირებულია, ამას სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ სერიოზულად უწყობს ხელს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეროვნული კონსოლიდაცია მოხდეს, უნდა მოხდეს სერიოზული კონსოლიდაცია ეროვნული იდეის გარშემო, უნდა მოხდეს ეროვნული შეთანხმება და უნდა ვიაროთ წინ. ამიტომ, წარსულში ყურებას უკვე თავი უნდა დავანებოთ, ფაქტია, რომ კრიზისში ვართ და ფაქტია, რომ გამოსავალი ერთად უნდა მოვძებნოთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მმართველი გუნდის მიერ ნიკა მელიას დაკავების მეთოდის განხილვა რაზე მეტყველებს, ხაზარაძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილებებს მმართველი ძალა იღებს.

„ამის შესახებ განცხადება გავაკეთე როგორც კი პრემიერი გახარია გადადგა. მაშინაც იყო თვითლუსტრაცია, როცა პოლიტიკური მმართველი ძალა იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ, როდის და რანაირად დასაჯოს ჩვენი მართლმსაჯულებით. ეს არის პოლიტიზირებული სასამართლო, პროკურატურა და ეს ჩვენ თავზე ძალიან კარგად ვიწვნიეთ. ამ ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები უნდა დამთავრდეს. მინდა გავახსენო პროკურატურას და მმართველ პარტიას იმ მუქარის წერილის შესახებ, რომელიც 2 წელია დევს თაროზე თავისი დასაბუთებით, ექსპერტიზით, საერთაშორისო დასკვნებით და არანაირი ძვრა ამ მუქარის წერილს პროკურატურაში არ მისცემია. ასევე, დევს კიბერშეტევის მასალები და არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. როცა საუბარია მართლმსაჯულებაზე, პირველ რიგში, მათ უნდა მიხედონ იმ პოლიტიზირებულ საქმეებს და იმ თემებს,რომელიც თაროზე აქვთ სპეციალურად შემოდებული, რომ შანტაჟი მოახდინონ ოპონენტებზე და სხვანაირად მოაზროვნე ადამიანებზე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მან ასევე ისაუბრა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან ეს საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესს იმსახურებს, პროკურატურამ გამოძიება უნდა ჩაატაროს.

„საერთოდ, ფარული ჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები ამ ქვეყანაში აკრძალული უნდა იყოს. მე ვგმობ ასეთ პრაქტიკას, მაგრამ თუ პროკურატურა მხოლოდ კონვერტით ინტერესდება და არა შინაარსით, ეს სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ არსებობს დანაშაულის შემცველი ნიშანწყალი ასეთ საქმეში, არის დიდი საჯარო ინტერესის მატარებელი, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება. თუმცა, ვიმეორებ, ამ პროკურატურის იმედი არ გვაქვს, რადგან პოლიტიზირებული, მართული პროკურატურაა და სანამ მთლიანად ამ სისტემას არ შევცვლით, ამ ქვეყანაში სამართალი და სამართლიანობა არ დადგება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს