საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 100 წლის იუბილესთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღისთვის მზადება დაიწყო. 2022 წლის იანვარში საქართველოს უმთავრესსა და უძველეს საინჟინრო სკოლას დაარსებიდან 100 წლისთავი შეუსრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კულტურის სფეროს სხვადასხვა თაობის იმ ცნობილ სახეებს შეხვდნენ, რომელთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის გარკვეული პერიოდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკავშირდება. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სამხატვრო-შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები.

პირველი ზოგადი ხასიათის შეხვედრაზე უნივერსიტეტის კანცლერმა მოწვეულ სტუმრებს ის მრავალმხრივი გეგმები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც 100 წლისთავის აღსანიშნად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საიუბილეო წელს გეგმავს. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს ის ხედვები და შესაძლებლობები, რაც კულტურის მოღვაწეეებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაუზიარეს.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კულტურის მიმართულებით ჩასატარებელ ღონისძიებებს კურირებას საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი გაუწევს. ამ მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურის ცენტრი შეიქმნება, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, საიუბილეო პროგრამის შექმნასა და დახვეწაზე იმუშავებს.

შეხვედრის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მიესალმა და უნივერსიტეტის მიმართ გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველი და უძველესი უმაღლესი საინჟინრო სკოლაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის რეგიონში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, საიუბილეო თარიღი მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ასწლოვანი უნივერსიტეტისთვის, ასევე, მთლიანად საქართველოსთვის. საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების უმაღლესი სკოლის დაარსება, თავის დროზე, ერთ-ერთი საკვანძო და პროგრესული მოვლენა იყო და ათწლეულების მანძილზე ის ქვეყნის საინჟინრო, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განვითარების მყარ ფუნდამენტს ქმნიდა და ქმნის. მიგვაჩნია, რომ დღესაც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებაზე მრავალმხრივ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა და აღმავლობა“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

როგორც რექტორმა აღნიშნა, დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ფარგლებში, უკვე დაწყებულია მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების შესაქმნელად. საზოგადოების უმთავრესი მიზანი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა, მხარდამჭერთა და გულშემატკივართა გაერთიანება, უნივერსიტეტისა და ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე ზრუნვაა.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, 100 წლის იუბილეს აღნიშვნას მრავალფეროვანი და საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური ღონისძიებების ციკლი მიეძღვნება. უნივერსიტეტის მიერ აღზრდილი თაობების ის ღირსეული წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობითა და მოღვაწეობით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სახელი გაუთქვეს, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო სამზადისსა და ღონისძიებებში”, - აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს