ამჯერად, ჯერი ოპოზიციის მხარესაა, ვიმედოვნებ, რომ IRI-ის დასკვნა, ყველა განცხადება, რომელიც 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყო გაკეთებული, წაახალისებს ჩვენს ოპოზიციას იმისთვის, რომ რაციონალური და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და ამ გადაწყვეტილებით მიბრძანდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, „ქართული ოცნების“ მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მეშვეობით არის შესაძლებლობა და ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ მხარეები და ზეპარტიული, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება მიიღონ. „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებულია შესაბამისი ნაბიჯები, არის კონკრეტული პოზიცია დაფიქსირებული, რომელიც სამართლიანობის და მართლმსაჯულების მაღალი პრინციპებიდან გამომდინარე, ერთობლივად სასარგებლო იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამჯერად, ჯერი ოპოზიციის მხარესაა, ვიმედოვნებ, რომ IRI-ის დასკვნა, ყველა განცხადება, რომელიც 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით იყო გაკეთებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ის მაღალი შეფასება, რომელიც არჩევნებმა მიიღო დემოკრატიულობის კუთხით, წაახალისებს ჩვენს ოპოზიციას იმისთვის, რომ რაციონალური და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და ამ გადაწყვეტილებით მიბრძანდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
ევროკავშირის მაღალი ჩართულობა და ყველა შეფასება, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით იქნა გაკეთებული, პოზიტიურ შეფასებას ვგულისხმობ, გვაფიქრებინებს, რომ ასევე პოზიტიურად უნდა შევხედოთ მოლაპარაკებების შედეგებს და უნდა ვივარაუდოთ, რომ იქნება იმის რესურსი, შეძლოს ოპოზიციამ და სწორი, რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღოს, ანუ მიიღოს ის რეალობა და ის სიმართლე, რომელიც სინამდვილეში არის და არ მოხდეს რაღაც სპეკულაციებით და სასურველის სინამდვილედ გასაღებით რაიმე სახით ვიწროპარტიული ინტერესების დაკმაყოფილება. მთავარია, შევძლოთ და ზეპარტიული, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.