დავით მათიკაშვილი - ტყუილის თქმა და ტყუილის ტირაჟირება სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი „ჯოკერია“

ტყუილის თქმა და ტყუილის ტირაჟირება მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი „ჯოკერია“,-ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

როგორც დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, 2003-2012 წლებში საზოგადოების მასობრივი უკანონო თვალთვალი და მიყურადება მიმდინარეობდა.

„პოლიტიკურ უტიფრობასაც ვერ დავარქმევდი, ალბათ, უფრო ღრმა ფესვები აქვს. ტყუილის თქმა და ტყუილის ტირაჟირება მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი „ჯოკერია“, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არამარტო საქართველოს საზოგადოებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის ყველაფერი ცნობილია.

2003-2012 წლებში მიმდინარეობდა ჩვენი საზოგადოების მასობრივი უკანონო თვალთვალი და მიყურადება, უსმენდნენ და იწერდნენ ყველას, საკუთარ გუნდის წევრებსაც კი, იმისთვის რომ ყველას მიმართ ჰქონოდათ კომპრომატი. ამიტომ ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ 2010-2011 წლებში ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერები გააკეთეს ფარულად, მოყურადებით.

ერთი კვირაა, ერთ-ერთი ტელეკომპანის მიერ ხდება გაურკვეველი წარმომავლობის, ფალსიფიცირებული ჩანაწერის ტირაჟირება, სადაც საუბარია ამ ჩანაწერში არსებული ფიგურანტების მიერაც, რომ ჩანაწერი გაკეთებულია მაშინ, როდესაც ბერა ივანიშვილი 15 წლის, არასრულწლოვანი იყო.

ძალიან გასაკვირია, რომ სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დღემდე არ გაკეთებულა ერთი განცხადებაც კი, რომელიც შეაფასებდა ამ მოვლენას.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ჩანაწერებთან არსებული სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. 2012 წლიდან ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად დაიძლია, თუმცა, იყო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ცალკეული შემთხვევები, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვებოდა როგორც სახალხო დამცველის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“,-აცხადებს მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნება ოლიგარქიული რეჟიმის სტილია, რომელსაც ''ქართული ოცნების“ ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში ვხვდებით.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს