IDFI კვლევას - „სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა საქართველოში“ აქვეყნებს

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) კვლევას - „სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა საქართველოში“ აქვეყნებს. მათი შეფასებით, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს.

როგორც “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” კვლევაშია ნათქვამი, პარლამენტს სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილება არ მიუღია, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყანაში კანონის უზენაესობას.

ორგანიზაციის შეფასებით, ასევე პრობლემურია სასამართლოების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საჯარო ინფორმაციის არასრულყოფილი სახით გამოქვეყნება.

„მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მკაფიოდ განსაზღვრული გონივრული ვადისა, საქართველოს პარლამენტს სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილება დღემდე არ მიუღია, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყანაში კანონის უზენაესობას.

საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაში, საერთო სასამართლოები არ ხელმძღვანელობენ კონსტიტუციური სტანდარტით და არ გასცემენ გადაწყვეტილებების სრულ ტექსტს (პერსონალურ მონაცემთა დაფარვის გარეშე), მიუხედავად იმისა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისი მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას, ძალადაკარგულია 2020 წლის პირველი მაისიდან.

სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემაში 2020 წლის 30 აპრილის შემდეგ, საერთო სასამართლოების მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ არის გამოქვეყნებული, რაც კანონმდებლობის დარღვევას და გამჭვირვალობის კუთხით სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) კვლევის თანახმად, საქართველოში არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს საერთო სასამართლოების სისტემაში სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ერთიან სტანდარტსა და მეთოდოლოგიას, თუმცა პრაქტიკაში სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას სასამართლოები ოფიციალური სტატისტიკური ანგარიშგების ერთიანი ფორმებით ახორციელებენ.

„კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემის პროაქტიული გამჭვირვალობის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს. ამ კუთხით განსაკუთრებით პრობლემურია სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ერთი მხრივ, ართულებს საერთო სასამართლოებზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყანაში კანონის უზენაესობას.

პრობლემურია სასამართლოების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა და საჯარო ინფორმაციის არასრულყოფილი სახით გამოქვეყნება. სამწუხაროდ, თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მაჩვენებელიც საკმაოდ დაბალია.

კვლევამ ასევე ცხადყო, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში სტატისტიკის წარმოებასა და გამოქვეყნებას გარკვეული გამოწვევები ახლავს, რაც სტატისტიკის ხელმისაწვდომობის კუთხით სირთულეებს წარმოშობს.

კვლევის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრა არსებითად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ღიაობის გასაუმჯობესებლად“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://idfi.ge/ge/transparency_of_the_judiciary_in_georgia .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა