ნიკა მელია - ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას შეფასებით, რეფორმების პარალელურად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამის შესახებ მელია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა მელია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ციხიდან ეხმაურება და აღნიშნავს, საქართველოს ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა სჭირდება, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება და პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

„რაც ყველაზე მთავარია, ამ რეფორმების პარალელურად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

„ქართულ ოცნებას” ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისების დასაძლევად , რომელთაც დრამატულად მძიმე მასშტაბებს მიაღწიეს, აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა.

ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება და ახალი ძალითა და ენერგიით უმძიმესი პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

ჩვენ დამოუკიდებლობის ურთულესი ოცდაათწლიანი პერიოდი გამოვიარეთ, ენით აღუწერელ სირთულეებს გავუძელით და ყოველთვის წინ მივდიოდით - ზოგჯერ პატარა ნაბიჯებით, ზოგჯერ დიდი ნახტომებით.

ჩვენ შევძელით არშემდგარი სახელმწიფოდან რეგიონში სამაგალითო ქვეყანა გავმხდარიყავით. ამ გზაზე ბევრი ძალიან მძიმე შეცდომაც დავუშვით, მაგრამ მათმა გაანალიზებამ, დიდ გამოცდილებასა და სიბრძნესთან ერთად, ცოდნა შეგვძინა, როგორ აღარ უნდა გავიმეოროთ ისინი.

ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძლიერი თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გვყავს სამოქალაქო აქტივისტების ახალი თაობა - თავიანთ სფეროებში ძალიან წარმატებული ახალგაზრდები. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ და ავტორიტარიზმის იმ ღრმა უფსკრულში არ გადავეშვათ, რომელსაც ერთი ნაბიჯი გვაშორებს.

ამიტომ, კიდევ უფრო მეტად უნდა გავერთიანდეთ, უარი ვთქვათ იმპულსურ და ემოციურ გადაწყვეტილებებზე, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადავდგათ და კრიზისი შესაძლებლობად ვაქციოთ", -წერს ნიკა მელია.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა