გიგი უგულავა - თუ კობახიძე გაკოტრებულს მეძახის, იქ რატომ ჯდება? მსიამოვნებს გაჩეჩილი კაცის ყურება?  - ეპითეტებს ისეთს მოვიგონებ, არც გაუგია - „ქართულ ოცნებას“ ახალი წინადადებები არ წარმოუდგენია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, გადაწყვეტილება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს და მას კობახიძე ან სხვა პირი ვერ მიიღებს.

როგორც უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, არანაირი უმრავლესობის გუნდი არ არსებობს, ეს ყველაფერი გახარიასთან ერთად დამთავრდა; „არსებობს ღარიბაშვილი, რომელიც არის ივანიშვილის უკანასკნელი ცხენი“.

რაც შეეხება იმას, თუ რით წავიდა ღარიბაშვილი ბრიუსელში, უგულავა ამბობს, რომ „არაფრით“.

„არაფრით წავიდა ღარიბაშვილი ბრიუსელში. მმართველი გუნდი აზროვნებს არა შინაარსით, არამედ მაკულატურის ოდენობით. კოლექტიურ ვინმე შალვა პაპუაშვილს ჰგონია, რომ თუ სქელ ფურცლებს ჩაიტან, ეს ყველაფერი აზრთან კავშირშია. 6-პუნქტიან გეგმაში შემავალი საკითხები ყველა მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ არ არის თანხმობა მთავარ საკითხზე, ჩატანილი „პაპკები“ არაფერს ნიშნავს. მართლმსაჯულების რეფორმა უმნიშვნელოვანესია და გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა სხვა რეფორმაზეც მნიშვნელოვანი, მაგრამ მატყუარაა ყველა ის, ვინც გეტყვით, რომ 8-9 წლის მერე, როცა ხელისუფლებაში დაძველებული, დაძენძილი და ნახევარი ფეხით უკვე გაგდებული ხარ, შენ სრულფასოვანი რეფორმა ჩაატარო. ასეთი რამ არ არსებობს. ამით ხელისუფლების „გაპრავება“, რომ ეს იმდენად დიდი რამეა, რომ მე სხვა ყველა საკითხი დავივიწყო, ან სასარგებლო იდიოტობაა ან მავნებლობა და ხალხის მოტყუება. იმის იმედი, რომ სასამართლო რეფორმას „ქართული ოცნება“ ჩაატარებს, არ უნდა გვქონდეს. ეს მომავალმა კოალიციურმა მთავრობამ უნდა განახორციელოს და განახორციელებს კიდეც. ამ 6-პუნქტიან გეგმას რომ დავამატოთ ეკონომიკური რეფორმები, ეს იქნება მომდევნო სამი თვის გეგმა კოალიციური მთავრობის. სასამართლო რეფორმა სწრაფად უნდა დაიწყოს, მაგრამ იმის ზღაპარი, რომ მურუსიძესთან ჩახუტებული კობახიძე სასამართლო რეფორმას მოგვცემს, ეს არის თვალის ახვევა. ამიტომ მთავარი საკითხი რჩება პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტპატიმრების საკითხი, რიგგარეშე საკითხი ან როგორ მივდივართ ამ რიგგარეშე არჩევნებამდე. პლებისციტი უნდა იყოს მაგიდაზე, ეს არის ვალიდური და ძლიერი იდეა“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისას ახალი შეთავაზება არ წარუდგენია, როგორც უგულავა ამბობს, „ეს იყო ძველი შეთავაზების ოდნავ მოდიფიცირებული ვარიანტი“.

„ძალიან სასაცილოა, წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა, ასეთი მესიჯბოქსი აქვს „ქართულ ოცნებას“, როდესაც ცელივით იყენებს სიტყვა „სამართლიანობას“. მინდა ბატონ თალაკვაძეს ვუთხრა, რომ ყველა საზიზღრობა და უსამართლობა სამართლიანობის ეგიდით არის ჩადენილი, ცელივით ნუ ისვრით ამ სიტყვას, ორლესული მახვილივითაა და უკან დაგიბრუნდებათ! ეს წინადადებები სამართლიანი არ არის. არჩევნებამდე მისასვლელი გზები ღრმად შეუთანხმებლი საკითხია. თუმცა, ის, რომ შარლ მიშელის წარმომადგენელი დარჩა საქართველოში, ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი უნდა დასრულდეს მალე და მხარეებმა ერთმანეთს ჩაქუჩი კი არ ურტყან, მხარეების მიღმა ხალხს დარჩეს განცდა, რომ ქვეყანამ გაიმარჯვა. მოლაპარაკების ეს მატრიცა დიდხანს ვერ იქნება. შედეგი ან უნდა მოიტანოს ამან, ან კრიზისი ახალ ფაზაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტად დაიძაბება შიგნით სიტუაცია პოლიტიკური თვალსაზრისით. ამავდროულად ევროპის უმაღლეს კავშირს თუ უარს ეუბნები, მაშინ იძულების სხვა პერკეტები უნდა ჩაერთოს. „ქართულ ოცნებას“ ახლა აქვს დანაშაულის სპირალიდან გამოსვლის შესაძლებლობა, რაც თანაბარ, თავისუფალ სიტუაციაში აძლევს მას შანსს დარჩეს პოლიტიკურ მოთამაშედ“, - განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ ოპოზიციის უმთავრესი მოთხოვნა კვლავ რიგგარეშე არჩევნებია.

„ეს აკვიატება კი არ არის, ხელისუფლების პარადიგმა უნდა შეიცვალოს. შეუძლებელია ისე რეფორმების განხორციელება. ეს ხელისუფლება ისედაც არ იყო რეფორმებზე ორიენტირებული, ჭაობზე და კონსერვაციისკენ ორიენტირებული ხელისუფლებაა. პირველად უნდა გადავიდეს ხელისუფლება კოალიციურ მმართველობაზე, სადაც აღარ იქნებიან „მეგატრონები“, რომლებიც ყველაფერს თავის თავზე ირგებენ. ჩვენ თუ არაორდინალური ნაბიჯები არ გადავდგით, ასეთი ეკონომიკით შეუძლებელი იქნება, ბიუჯეტს ვეღარ შევავსებთ“, - განაცხადა უგულავამ.

პოლიტიკური მხარეების შესათანხმებლად, გიგი უგულავას თქმით, აუცილებელია კობახიძეც და უმრავლესობის სხვა წევრებიც რაციონალურები იყვნენ.

„თუ გაკოტრებულს მეძახის, იქ რატომ ჯდება? მსიამოვნებს გაჩეჩილი კაცის ყურება? რატომ მიჯდება მოლაპარაკებებზე, თუ მე გაკოტრებული ვარ? რა აზრი აქვს ამის დაძახებას, როდესაც იცი, რომ მეორე დღეს მოგიწევს ჩემთან ლაპარაკი?! ცოტა რაციონალური უნდა იყოს კობახიძეც და სხვაც. სიტყვებს და ეპითეტებს ისეთს მოვიგონებ, არც მას და არც მამამისს რომ არ გაუგიათ. საპროტესტო მუხტით არის ეგ კაცი გადაყენებული, გვახსოვს როგორ ეპოტინებოდა სამი დღე სკამს და პანღურით მოუწია უმრავლესობას გაშვება. ეს ხალხი არაფერს წყვეტს, სინამდვილეში წყვეტს ივანიშვილი. არანაირი უმრავლესობის გუნდი არ არსებობს, ნუ მოვიტყუებთ თავს, ეს ყველაფერი გახარიასთან ერთად დამთავრდა. არსებობს ღარიბაშვილი, რომელიც არის ივანიშვილის უკანასკნელი ცხენი. ღარიბაშვილთან ერთად დამთავრდება ივანიშვილის მმართველობა. სკამი, რომელზეც სათადარიგოები სხედან, აღარ არსებობს. ერთადერთი გამოსავალია, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მის შემდეგ მოვა, არ მოვიდეს იმ ტალღაზე, რომ მას თავი გაუპოს. ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა, რომ თავიდან არ წავიდეთ შურისძიების მორევში. ამას უნდა ავცდეთ, ამიტომ არის რიგგარეშე არჩევნები აუცილებელი, თორემ როგორც ტალღას ვერ გააჩერებ, ისე ვერ გააჩერებ ცვლილებებს, ვერც ივანიშვილი გააჩერებს თავისი ფულით“, - განაცხადა უგულავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს