არჩილ თალაკვაძე - ჩვენი პოლიტიკური სისტემა უნდა იყოს სტაბილური, უნდა იყოს ქმედითი,  ეს არის ჩვენი ევროპელი კოლეგების მოლოდინი

ვინ იქცეოდა უპასუხისმგებლოდ, ვინ არ სცა პატივი არჩევნების შედეგებს და ვინ ცდილობდა ძირი გამოეთხარა დემოკრატიისთვის, დიალოგში ამაზე საუბრის პროცესი წაგვიყვანს კიდევ უფრო შორს და შეიძლება დაგვაშოროს შეთანხმების იმ საერთო საკითხებს, რომელზეც ჩვენ ასე ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ თანხმობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, სიმართლე არსებობს და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რა მოხდა რეალურად.

„თუ ვინმეს ჰქონდა პრეტენზია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ვალდებული იყო გადაემოწმებინა ეს პრეტენზიები და ასეთი შეთავაზება იყო ხელისუფლების მხრიდან, თუ ვინ ცდილობდა პარლამენტი მხოლოდ ერთი პარტიით დაეტოვებინა, ესეც ვნახეთ. ვნახეთ, რომ პოლიტიკურმა პარტიების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემოსულიყო პარლამენტში, ამიტომ ამ ფაქტების და მოვლენების ანალიზი გაკეთებულია და მომავალშიც შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი, მაგრამ დღეს ჩვენ მთლიანად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული შეთანხმებაზე. ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს, ჩვენს საზოგადოებას იმისთვის, რომ პოლიტიკა გადაერთოს ხალხის საჭიროების მოგვარებაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა დემოკრატიული რეფორმები ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად განვახორციელებთ მომავალშიც, იმისთვის, რომ საჯარო ფუნქციების შესრულება გაგრძელდეს უწყვეტად და სახელმწიფომ გააკეთოს ყველა ის საქმე, რა ვალდებულებაც აქვს თავისი მოქალაქეების წინაშე. ამას ხელს ვერ შეუშლის ვერცერთი დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფი. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, რომ შევთანხმდეთ მომავალ საკითხებზე, ვეძებოთ არა განსხვავებები და დაპირისპირებების საკითხები ერთმანეთთან, არამედ ის, რაც შესაძლოა საერთო გახდეს ჩვენთვის მომავალში. ასეთი საერთო არსებობს, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანები, გამოწვევები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით თვეების განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ დემოკრატიული რეფორმები გავატარეთ ამ წლების განმავლობაში. დღეს არის დრო, როდესაც ეს დემოკრატიული რეფორმები ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გამოიყენოს. არჩვენები, რომელმაც მოიტანა უახლეს ისტორიაში ოპოზიციის ყველაზე მაღალი წარმომადგენლობა პარლამენტში, რეფორმები, რომელმაც მოიტანა ძლიერი ბერკეტები ოპოზიციისთვის პარლამენტში, ეს არის დემოკრატიის მიღწევები და პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან და ვალდებული ვართ, რომ დემოკრატიის ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ. მონაწილეობაზე უარის თქმა არ არის დემოკრატია, დემოკრატია არის მონაწილეობა, შესაბამისად უნდა შევთანხმდეთ მონაწილეობაზე, თუ როგორ ვიმუშავებთ მომავალში, როგორი იქნება ჩვენი პოლიტიკური სისტემა და ის უნდა იყოს სტაბილური, ის უნდა იყოს ქმედითი. ეს არის ჩვენი ევროპელი კოლეგების მოლოდინი და მხოლოდ ეს არის გზა, რითაც საქართველო უფრო დააჩქარებს ევროინტეგრაციას“ , - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო