ირაკლი კობახიძე - საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, არიან კრიმინალები პოლიტიკაში

საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შალრ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით პრინციპული აზრთა სხვადასხვაობაა.

„ჩვენ ვამტკიცებდით იმას, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT -ი და ეს დავამტკიცეთ. ოპოზიცია ამტკიცებდა იმას, რომ გაყალბდა არჩევნები და ეს ვერ დაამტკიცა. აქ უკვე არის რადიკალური აზრთა სხვადასხვაობა. შესაბამისად, ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზეც. რთულია დისკუსია. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიან. არჩევნები რომ არ გაყალბებულა და პოლიტპატიმრები რომ არ არსებობენ, ეს ვიცით და ოპოზიცია განსხვავებულ რამეს ამტკიცებს. შესაბამისად, აქ არის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა. რთული ამოცანა აქვს ბატონ დანიელსონს, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმებამდე მივა ეს პროცესი. აქ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ გადამწყვეტი როლ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იმოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა შეთანხმების მიღწევისათვის და დიალოგის წარმატებით მიღწევისათვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე განმარტა, რომ „აღიარებული დამნაშავეები რჩებიან პოლიტიკაში, რაც არის სისტემური პრობლემა ქართული პოლიტიკისთვის“.

"უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომ არ დავარღვიო, დავიწყებ სააკაშვილით, რომლის მიმართაც არის უამრავი განაჩენი, რომელიც ემალება გამოძიებას, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, აღიარებული კრიმინალი რამდენიმე დანაშაულებრივ ეპიზოდზე - ეს ერთი.

მეორე - ნიკანორ მელია, რომელსაც აქვს ასევე მსჯავრი კონკრეტულ დანაშაულზე, ის აკოტრებდა კერძო ბანკს.

მესამე - უგულავა, რომელმაც მოიპარა 48 მილიონი და ამისათვის აქვს შეფარდებული სასჯელი და აღარ გავაგრძელებ. ეს ლიდერები, რომლებიც იპარავდნენ ხალხის ფულს, რომლებიც აწამებდნენ ადამიანებს და ა.შ. არიან დამნაშავეები და მათი დანაშაულებები არის აღიარებული სხვადასხვა ინსტანციის მიერ და ვერც ერთი ვერ ბედავს, ვერც ერთი სარჩელის გაგზავნას სტრასბურგში - ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი არიან აღიარებული დამნაშავეები, თუმცა რჩებიან პოლიტიკაში, რაც არის სისტემური პრობლემა ქართული პოლიტიკისთვის",- განაცხადა კობახიძემ.

ამავე კონტექსტში ირაკლი კობახიძემ უპასუხა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ეს პარტიული პროტესტია.

მისივე თქმით, პროტესტი ბუნებრივი მოვლენაა, რაც ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელს შეუძლია გამოხატოს და აღნიშნული უფლება საქართველოში უზრუნველყოფილია.

“ეს არის პარტიული პროტესტი, რომელიც იმართება და ბუნებრივია, ისინი არიან პარტიის აქტივისტები. რა თქმა უნდა, ისინი მოქმედებენ იმ დირექტივების შესაბამისად, რომლებიც არის გამოხატული მათი პარტიების პოზიციებში. როდესაც პარტია ამტკიცებს იმას, რომ თითქოს საქართველოში გაყალბდა არჩევნები და თითქოს საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, ბუნებრივია ეს იწვევს საბოლოო ჯამში მათი აქტივისტების პროტესტს და ეს არის ბუნებრივი მოვლენა. ეს არის დემოკრატია და ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელს შეუძლია გამოხატოს საკუთარი პროტესტი - ეს უფლება საქართველოში არის სათანადოდ უზრუნველყოფილი", - აღნიშნა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს