გიორგი ვაშაძე - თუ დავინახეთ, რომ საზოგადოებისთვის მისაღები შეთანხმება დაიდო, მე სხვას არ ვუყურებ - თუ გადაამლაშე, მერე შეიძლება ყველაფერი დაკარგო

მარტის ბოლო არის საბოლოო ვადა, როცა, ჩემი აზრით, შეთანხმება უნდა შედგეს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ უფრო ადრეც შეიძლება შევთანხმდეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „მოლაპარაკების მაგიდა ვერ ააყირავა“.

„ოპტიმისტები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ 48 - საათიანი ბლიცის შემდეგ შევთანხმდებოდით. შაბათ-კვირის შეხვედრებს დავარქვი ბლიცი, მაგრამ საგანგაშო და მკვახე განცხადება მივიღეთ კობახიძის მხრიდან, რომელიც მოულოდნელი იყო ჩვენთვისაც და შესაძლოა, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც. მაგრამ ეს პროცესი შეიცვალა, ანუ მაგიდა ვერ აყირავდა. ჩემი აზრით, ეს იყო პირდაპირი მცდელობა როგორც მინიმუმ ამ პროცესის გაჭიანურებისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან მაგიდის აყირავების, ეს ვერ მოხდა, იმიტომ, რომ დანიელსონი დარჩა.

ჩვენი ევროპელი მეგობრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ამ დაპირისპირებისა და სიძულვილის ფონის მოხსნას პოლიტიკურ ცხოვრებაში და არ მიგვატოვებენ. რაც შეეხება იმას, მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებლთან“, ისევე როგორც სხვა პარტიებთან შეიძლება თუ არა ცალკეული შეთანხმება, თუ დავინახეთ, რომ შეთანხმება არის ისეთი, რომელიც საზოგადოებისთვის, სახელმწიფო განვითარებისთვის მისაღებია და ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო პოზიცია, სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ შეთანხმების შესრულებაში, ჩემი განმსაზღვრელი ვერ იქნება ყველა პარტიის პოზიცია.

ცალკე პარტია და პოლიტიკური ძალა იმიტომ ვართ, რომ რაღაცაში სხვებისგან განვსხვავდებით. მე სხვას კი არ ვუყურებ, ვუყურებ ჩემი თანაგუნდელების, ჩემი ქვეყნის საჭიროებებს და ვუყურებ იმას, რა ნაბიჯი შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან პროგრესად განვითარებაში. რომ არა ჩვენი ბოიკოტი ამ ფუნდამენტურ რეფორმებამდე ხომ ვერ მივიდოდით? ამხელა რეფორმები დევს უკვე მაგიდაზე, გაფართოებული. ყველაფერს ზღვარი აქვს, თუ გადაამლაშე, მერე შეიძლება ყველაფერი დაკარგო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს